ახალი ამბები

ჰერმანი: შრომის ინსპექციის შექმნა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ევალება

11 მაისი, 2017 • 8601
ჰერმანი: შრომის ინსპექციის შექმნა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ევალება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის შექმნა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ევალება.

“შრომის ინსპექციის შექმნა არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ვალდებულება. ეს არის საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის კანონი.

ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე განვიხილეთ სამივე მხარესთან: სახელმწიფოსთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და არსებობს უკვე პროგრესი. გვესმის, რომ ეს რამდენიმე დღეში არ გაკეთდება, თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა სრულად ეს მიზანი,” – განუცხადა ნეტგაზეთს იანოშ ჰერმანმა.


ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს,ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები  10 მაისს, დაახლოებით   08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი