დავით კირვალიძე ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შეხვდება

სიფლის მეურნეობის მინისტრი მეწარმეებს მოსკოვში გამართული შეხვედრის შედეგებს გააცნობს. შეხვედრა 15:00 საათზე “ექსპო ჯორჯიის” საგამოფენო ცენტრის მესამე პავილიონში გაიმართება. 

 

დავით კირვალიძე

შეხვედრას რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერის საგანგებო წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დაესწრება.

 

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს შვიდკაციანმა დელეგაციამ რუსეთში მოლაპარაკებები გამართა. დელეგაცია მოსკოვში 3 თებერვალს ჩავიდა, ხოლო მოლაპარაკებები 4 –ში დაიწყო.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. 
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით გრიგოლია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია, ასოციაცია “ქართული ღვინის” აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი, “ქართული ღვინის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, ასევე “ხილისა და ბოსტნეულის კომპანიის” დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გუშინ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დელეგაცია მოსკოვიდან დაბრუნდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ქართული ხილისა და ბოსტნეულის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იქნება.