ახალი ამბები

რა სტანდარტზე შეჯერდა პროკურატურა წართმეული ქონების საქმეებზე

5 თებერვალი, 2013 • • 1448
რა სტანდარტზე შეჯერდა პროკურატურა წართმეული ქონების საქმეებზე

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ცნობით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 იანვრის ჩათვლით
მთავარ პროკურატურაში სულ 17 ათასზე მეტი განცხადებაა შესული, საიდანაც შესაძლოა რამდენიმე ასეული, ან ათასიც კი, ეხებოდეს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ან იძულებით გაჩუქების საკითხს.

 

დღეს, 5 თებერვალს, როცა არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტთა კითხვებს პასუხობდა, პროკურატურის წინ ანა ფაჟავა თავის ახლობლებთან ერთად აქციას მართავდა, მოწოდებით: „ვითხოვთ ქონების უკან დაბრუნებას!“ „დაისაჯონ დამნაშავეები!“

 

არჩილ კბილაშვილის თქმით, ხელისუფლებას მიღებული აქვს პრინციპული გადაწყვეტილება – წართმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს თავის მეპატრონეს; თუ გაყიდულია, მაშინ კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გაიღოს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამჟამად მთავარი საფიქრალი აქვთ – როგორ და ვის აგებინონ პასუხი მსგავსი დანაშაულებისთვის. მთავარი პროკურორის ცნობით, წინა ხელისუფლების პირობებში მოქალაქეებს ქონების არაოფიციალურად დათმობას აიძულებდნენ საპროცესო გარიგების ან სისხლის სამართლის დევნის არდაწყების სანაცვლოდ.

 

„შესაძლებელია, სახეზე გვქონდეს რიგითი გამომძიებელი, ვისი პირითაც გაჟღერდა ქონების ჩამორთმევის მოთხოვნა და განხორციელდა კიდეც, მაგრამ ის არაფერ შუაში არ იყოს, გარდა იმისა, რომ ინფორმაცია მიიტანა. ამათი დასჯა ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიანად. ამ საქმეების შესწავლის შემდეგ ჩვენ გვინდა პირამიდის ზემოთ გავიდეთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც ეს წესი დანერგა“,  – ამბობს კბილაშვილი და არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით კითხვები ყოფილ მაღალჩინოსნებს დაუსვან, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის.

 

ანა ფაჟავა, რომელმაც აქცია დღეს გამართა მთავარ პროკურატურასთან, იმ კონკრეტული პოლიციელების და გამომძიებლების დასჯას ითხოვს, ვინც მისი ოჯახი დააზარალა. ფაჟავა რუსეთში ოჯახთან ერთად 19 წლის წინ, აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ წავიდა, საქართველოში კი 2008 წლის ოქტომბერში, რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მის ოჯახს პრობლემები მალევე შეექმნა ქართველ სამართალდამცავებთან.

 

როგორც ანა ფაჟავა ამბობს, მან თბილისში გადაწყვიტა ბინის ყიდვა და გახდა თაღლითური სქემის მსხვერპლი, რის შედეგადაც 27 ათასი აშშ დოლარი დაკარგა. როცა თანხის დაბრუნება სამართალდამცავი უწყებების დახმარებით გადაწყვიტა, მას დაემუქრნენ, რომ ეს არ ექნა, თორემ სხვა ქონებასაც დაკარგავდა.

 

„ამის შემდეგ ჩემს მეუღლეს ბრალად დასდეს, თითქოს პასპორტი გასტაცა ჩემი შვილების მეგობარ რუს გოგონას, რომელიც საქართველოში ჩვენთან ერთად იყო დასასვენებლად ჩამოსული. მე და ჩემი მეუღლე წაგვიყვანეს გინებით, ცემა–ტყეპით პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში, სადაც  განყოფილების უფროსმა ზურა პავლიაშვილმა ასევე გვაგინა და დაგვემუქრა. ჩემს მეუღლეს ბრალი აღიარებინეს, მერე გირაო 5 ათასი გადაგვახდევინეს, ახლად ნაყიდი მანქანა სახლიდან წაიყვანეს და შემოგვითვალეს, მანქანის არსებობა დაივიწყეთო“, – ამბობს ანა ფაჟავა, – “ეს მანქანა წაიყვანეს და მის კვალს ვერ მივაგენით. 9 თვის შემდეგ ვიპოვეთ რუსთავის ავტობაზრობაზე. მანქანა იყო რუსეთიდან ჩამოყვანილი, ახალთახალი, “მიცუბიშის” მარკის. ბაზრობაზე 18 ათას აშშ დოლარად ყიდდნენ. ამის მერე მანქანა ჩაბარდა რუსთავის პირველი განყოფილების გამომძიებელ ნინო ლეჟავას, საიდანაც გაქრა და დღემდე პასუხი არავის მოუცია“.

 

ანა  ფაჟავას თქმით, 4 წლის განმავლობაში ვერც შსს–სგან და ვერც პროკურატურისგან ვერ მიიღო პასუხი, რა ბედი ეწია მის მანქანას. ის ქონების დაბრუნებას და იმ სამართალდამცავთა დასჯას ითხოვს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ფაჟავა მზად არის, პროკურატურას ყველა პოლიციელისა და გამომძიებლის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

 

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ მსგავს საქმეებზე სამართლიანობის აღდგენისას უნდა შეირჩეს ერთიანი პრინციპი. როგორც ის ამბობს, პროკურატურაში მისი მისვლისას მუშაობდა 333 პროკურორი და 45 გამომძიებელი. მთავარი პროკურორის თქმით, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, მათ შორის შემსრულებლებიც, მაშინ ამ პროკურორებისა და გამომძიებლების უმრავლესობას უნდა დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მათი უმრავლესობა ახორციელებდა სისხლის სამართლის იმ პოლიტიკას, რაც ამ ქვეყანაში იყო.

 

„აქ დაისმევა კითხვა, რამდენად სამართლიანი იქნება ასეთი მიდგომა, რომელიც ფორმალურად შეიძლება იყოს სამართლებრივი?  
პირადად ჩემი აზრი იქნება, რომ ეს არ არის სამართლიანობა. მაგ ლოგიკით 40–ათასიან პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ვუყოთ? რაღაც სტანდარტია შესაქმნელი, რომელიც იქნება სამართლიანი. ჩვენ ასეთ სტანდარტზე შევჯერდით, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ იდეის, იმ პოლიტიკის და იმ დანაშაულებრივი მითითების ავტორებს, ვინც ეს გააკეთეს. შემსრულებელი თუ დავალებას ასრულებს  კონკრეტულ მონაკვეთში, არა თავისი ინიციატივით, მაშინ მის მიმართ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები“, –განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

აქცია მთავარ პროკურატურასთან ქონების დაბრუნების მოთხოვნით
აქცია მთავარ პროკურატურასთან ქონების დაბრუნების მოთხოვნით

მისივე თქმით, თუ პროკურატურა გაიგებს, რომ კონკრეტულ საქმეში დაბალი რანგის თანამშრომლების მონაწილეობა იყო იმაზე მეტად მანკიერი, ვიდრე ეს არის დავალების შესრულება, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 

„ასეთი სტანდარტით ვმუშაობთ ამჟამად. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და შეიძლება უფრო სამართლიანი სტანდარტიც არსებობდეს, მაგრამ ჯერჯერობით ხედვა ასეთია: ჩვენ ვებრძვით არა ადამიანებს, არამედ სისტემას.  ჩვეულებრივ, რიგით მოხელეს, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ხელფასი აქვს, კრედიტი აქვს გამოტანილი, ასეთი ხისტი მიდგომით ისინი ბორტის მიღმა რომ დავტოვოთ, წარმოვშობთ ახალ უსამართლობას. ის, რაც ჩვენ გვინდა – სამართლიანობა, იქნება გადაჩრდილული“, – მიიჩნევს მთავარი პროკურორი.

 

არჩილ კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შეიქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

 

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნული კომისია პირველ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე, იმ სამოქალაქო და ადმინსიტრაციულ საქმეებს განიხილავს, სადაც დავა 100 000 ლარზე მეტ თანხას ეხება.

 

ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მიმართოს კომისიას. თუ კომისია დაადგენს, რომ ამ პირის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება იყი დაუსაბუთებელი, ამის შემდეგ კომისიის დასკვნა გადაიგზავნება სასამართლოში და ეს იქნება საფუძველი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება იყოს დადგენილი და სასამართლომ ხელახლა გამოიტანოს გადაწყვეტილება.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ კომისიაზე თავის მოსაზრებას მხოლოდ მას შემდეგ იტყვის, როცა კანონპროექტს ნახავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება აღნიშნულს ფრთხილად უნდა მოეკიდოს:

 

„ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მიერ. მხოლოდ კომისიის დასკვნა ვერ იქნება საფუძველი, რომ მოხდეს ამ საქმეებზე განაჩენის გაუქმება. ეს საქმეები ისევ სასამართლოში უნდა წამოვიდეს და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეში არსებული გარემომებების მიხედვით. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება არ გამოდის. ეს იგივეა, რომ საქმე გადაისინჯოს რამდენიმე ინსტანციაში. ასეთი ვარიანტი არის ძალიან სახიფათო, რადგან შესაძლოა, სამართლებრივი უსაფრთხოება იყოს დარღვეული. მე იმედი მაქვს, რომ გაცილებით გააზრებულ ვარიანტს მიიღებს პარალამენტი”.

 

საქართველოში ათეულობით ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოხელეებმა მათ 2012 წლის ოქტომბრამდე რამდენიმე ასეული ათასის და რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება ძალით დაათმობინეს, ან დაუყადაღეს და გაუყიდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი