საქართველოს კონსტიტუცია იცვლება – პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა და პროექტი წარმოადგინა. წინ არის საერთო-სახალხო განხილვები და საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა.
დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო შემოთავაზებულ რედაქციაში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.
შემოთავაზებულ პროექტში კონსტიტუციის თითოეულ მუხლს თავისი სათაური აქვს, მოქმედ რედაქციაში კი მხოლოდ თავები არის დასათაურებული.
თავების გარდა, შეცვლილი არის სიტყვების რაოდენობაც. კერძოდ, კონსტიტუციის პროექტში 8 875 სიტყვაა, ხოლო მოქმედი კონსტიტუცია 1 1045 სიტყვისგან შედგება. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.
კონსტიტუციის პირველ თავში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, თუმცა უნდა გადაისინჯოს არა 76 ხმით, არამედ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, საქართველოს დროშა პარლამენტის 76 დეპუტატის ხმებით ვერ შეიცვლება.
მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო სიმბოლოები ორგანული კანონით არის დადგენილი, მის გადასინჯვაზე კი განსაკუთრებული წესი არ იყო დადგენილი.
კონსტიტუციის პირველ თავში შემოდის ჩანაწერი, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლში ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, “სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე”.
კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ჩანაწერი არ არსებობს. მეთერთმეტე მუხლის მეოთხე პუნქტში ემატება, რომ სახელმწიფო ზრუნავს შეზღუდულლი შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის – “სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.”
შემოთავაზებული პროექტით კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლში ჩამოთვლი დისკრიმინაციების ნიშნებს, ემატება “ან სხვა ნიშნის მიხედვით”
“ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით”
კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ეს ჩამონათვალი “საცხოვრებელი ადგილით” მთავრდება.
“ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება”
კონსტიტუციის პროექტის თანახმად, შემოდის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მედიაპლურალიზმი, მედიაში აზრის გამოხატვის თავისუფლება და მეწარმათა უფლებები უნდა დაიცვას ეროვნულმა მარეგულირებელმა:
“მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის პრევენციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით”.
“ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება”.
“სახელოვნებო და აკადემიური საქმიანობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია”.
მოქმედი რედაქციით, არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს იმ პირს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.
შემოთავაზებული რედაქციიდან სიტყვა ქმედუუნარობა ამოღებულია. პროექტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
ასევე უქმდება ჩანაწერი, რომელიც სასჯალაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ “ნაკლებად მძიმე” დანაშაულში მსჯავრდებულებს აძლევდა ხმის მიცემის უფლებას. ახალი ჩანაწერით, პატიმრები ხმას ვერ მისცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულნი არიან განსაკუთრებით მძიმე განზრახ დანაშაულისთვის.
გარდა ამისა, კონსტუტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი, რომ “შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ”
საპროცესო უფლებების შესახებ კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ემატება ჩანაწერი, რომ “საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია”.
გარდა ამისა, კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი ადვოკატის შესახებ.
“ყველას აქვს უფლება, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.”
“სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.”
თუ პრეზიდენტი ამ დრომდე თავად წყვეტდა მოქალაქეობის მინიჭებისა თუ შეწყვეტის საკითხებს, მან ამიერიდან ორგანული კანონი უნდა გაითვალისწინოს.
პრეზიდენტი “ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის, ხოლო კანონით დადგენილი წესით თავშესაფრის მიცემის საკითხებს” – წერია შემოთავაზებულ პროექტში.
კონსტიტუციის შემოთავაზებულ რედაქციაში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე, ამავდროულად, არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.
კონსტიტუციის პროექტში მოცემული ჩანაწერით, ასევე ორგანული კანონი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეთავსების პირობებს და წესს.
შემთავაზებული რედაქციით, კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი სახალხი დამცველის ფუნქციის შესახებ:
“სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს” – ეს ჩანაწერი კონსტიტუციის პროექტში აღარ გვხვდება.
კონსტიტუციის შემოთავაზებულ პროექტში იცვლება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, “საქართველოს ყველა მოქალაქეს” აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას. შემოთავაზებულ რედაქციის თანახმად, კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა ყველას ექნება.
“მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი” – წერია კონსტიტუციის პროექტი.
პარლამენტი არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული წესი უქმდება და პარლამენტის 150-ივე წევრი აირჩევა პროპორციული წესით. კონსტიტუციაშო ზუსტდება, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს.
პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.
გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
უცვლელი რჩება 5%-იანი ბარიერი.
კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია არჩევნებში ბლოკების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.
კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის შემდეგი წესი არის შემოთავაზებული:
“საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით პროპორციულად განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები”.
“დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში დაუშვებელია”.
“საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს,”- ვკითხულობთ კონსტიტუციის პროექტში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს: “უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია”.
კერძოდ, მოქმედ კონსტიტუციაში წერია: “მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა”.
შემოთავაზებული პროექტიდან სიტყვა “შეიძლება” ამოღებულია – “პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება 3 წლის გამოსაცდელი ვადით“.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული და წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე, პარლამენტის მოთხოვნით – სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
კერძოდ, მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას, ეს ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად. ხოლო თუ პარლამენტი დადგენილ ვადაში უნდობლობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღეში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტიდან ეს ჩანაწერი ამოღებულია. აქ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ თუ პარლამენტმა არ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტი საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.
“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.
მოქმედი რედაქციით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით კი, კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სრული უმრავლესობის 2/3, თუმცა, მიღებულად ჩაითვლება და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება მას შემდეგ, თუკი ამ პროექტს უცვლელად დაუჭერს მხარს მომდევნო მოწვევევის პარლამენტის არანაკლებ 2/3.
ასევე, შემოთავაზებულ პროექტში რჩება კონსტიტუციის გადასინჯვის ძველი წესიც, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სრულად იხილეთ ქვემოთ: