მერიის დაპირებით, თბილისში, 32 ადგილას საზოგადოებრივი ტუალეტები აშენდება

თბილისის მერია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი  საპირფარეშოების მოწყობისთვის თბილისში, 32 ადგილას, აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

მერიის ცნობით, საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“).  საზოგადოებრივი ტუალეტის გარე ფასადი  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს  ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან  სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად.

მერიის ცნობით, ტუალეტებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები 20-წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა.

დღეს, 26 აპრილს, გავრცელებული განცხადების მიხედვით, აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი  საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე- ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი.

საზოგადოებრივი ტუალეტი credit:
Roberto Taddeo/all creative commons

მერიის მოთხოვნების მიხედვით, საზოგადოებრივი საპირფარეშო  უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა – საძირკვლის გარეშე, ლითონის კარკასზე აწყობილი, თანამედროვე, გარე და შიდა  მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული.  თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ2-ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული.

მერიის განმარტებით, აუქციონში გამარჯვებული  ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე ასევე ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

დღევანდეი მდგომარეობით, თბილისში მხოლოდ 6 მუნიციპალური ტუალეტია, რომლებიც თბილისის სკვერებში მდებრეობს.

ნახეთ: 204 200 ვიზიტორი და 6 მუნიციპალური საზოგადოებრივი საპირფარეშო თბილისში