ახალი ამბები

კალაძე: ენერგოკომპანიების მოთხოვნით მოხდა ხელშეკრულებების გასაიდუმლოება

23 იანვარი, 2013 • 2012
კალაძე: ენერგოკომპანიების მოთხოვნით მოხდა ხელშეკრულებების გასაიდუმლოება

„ეს იყო იმ კომპანიების მოთხოვნა, რომლებთანაც ხელშეკრულებები გაფორმდა,“ – აცხადებს კალაძე.

 

საქართველოს მთავრობასა და “ენერგო პრო ჯორჯიას” შორის 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმი, ასევე, მთავრობას, სს “საპარტნიორო ფონდს”, სს “ინტერ რაო ეეს”-ს, სს “თელასს”, შპს “მტკვარი ენერგეტიკას”, სს “ხრამჰესი 1”-სა და “ხრამჰესი 2”-ს შორის 2012 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმი, რომელთა საფუძველზეც გაიაფდა საქართველოში დენის ტარიფი, შეიცავს დათქმას აღნიშნული დოკუმენტების კონფიდენციალურად ცნობის თაობაზე.

 

ინფორმაცია ამის თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა ტარიფის გაიაფება. სემეკის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ეს დოკუმენტები საიდუმლოა.

 

სემეკის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომ დოკუმენტი იყოს საიდუმლო და არ იყოს ხელმისაწვდომი ვინმესთვის:

 

“ხელმომწერი არის, ერთი მხრივ, მთავრობა და, მეორე მხრივ, კომპანიები, ჩვენ ამის ხელმოწერაში არ ჩაგვრთეს და მონაწილეობა არ მიუღია კომისიას. კომისია დოკუმენტის შექმნაში ჩართული არ ყოფილა. კომისია ჩართული იყო, როდესაც წინასწარი სამუშაოები ტარდება, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტარიფის დაწევა, რა კუთხით, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ თვითონ ხელშეკრულების გაფორმებაზე კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება, მიეღო რამე სახის მონაწილეობა და ამ სახის დოკუმენტი მივიღეთ, რომელსაც ადევს გრიფი საიდუმლო”.

 

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 დეკემბრის სხდომაზე ცვლილებები შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ # 33 დადგენილებაში და სს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები შეამცირა. 

 

აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს –  სს „ინტერ რაოს“–სა და სს „ენერგო–პრო ჟორჯიას“ შორის დროებითი მემორანდუმის გაფორმებამ გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე სს „თელასის“ მომხარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ–ს ჩათვლით 9,94 თეთრს გადაიხდიან, ხოლო აბონენტები, რომელბიც 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ – 12.46 თეთრს.

 

რაც შეეხება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0–დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ–ს ჩათვლით 9.44 თეთრს გადაიხდიან, ხოლო 101–დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები, 12.98 თეთრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი