CEU-ს მხარდამჭერები ვიქტორ ორბანს თბილისში აქციით დახვდებიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მხარდამჭერები თბილისში საპროტესტო აქციით დახვდებიან.

ორბანი თბილისში დღეს საღამოს ჩამოდის, აქცია კი ხვალ, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტთან გაიმართება 12-დან – 14:00 საათამდე. ამ დროს სასტუმროში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმია დაგეგმილი, რომელსაც ორბანიც დაესწრება.

“ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დახურვა ემუქრება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 21 აპრილს თბილისში იქნება. სწორედ მისი პირადი სურვილი და ახირებაა CEU-ს დახურვა და უნგრეთიდან გაძევება. გთხოვთ, მოხვიდეთ და ვაჩვენოთ მას, რომ ჩვენ არ ვართ გულგრილი. ჩვენ, CEU-ს ქართველი კურსდამთავრებულები, შევიკრიბებით ქორთიარდ მერიოტთან (თავისუფლების მოედანზე), სადაც ორბანის მისვლაა დაგეგმილი, რომ ვაჩვენოთ, რომ ის და მისი გადაწყვეტილება მარტო უნგრეთის პრობლემა არაა. შემოგვიერთდით, ვისაც გაღელვებთ დემოკრატია, ღიაობა და აკადემიური თავისუფლება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

უნგრეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა კანონი იმ უნივერსიტეტების ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც არ არის ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებული. 123 ხმით 38-ის წინააღმდეგ ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განათლების შესახებ კანონში განახლებულ რეგულაციებს. კანონის მიღების შედეგად, შესაძლოა დაიხუროს ბუდაპეშტში მოქმედი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU).

CEU-ს მხარდასაჭერად ბუდაპეშტში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) ბუდაპეშტში მდებარე ამერიკულ-უნგრული უნივერსიტეტია, რომელიც 26 წელია არსებობს. იგი ჯორჯ სოროსის მიერაა დაფუძნებული. უფრო მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ წაიკითხეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ნაციონალიზმის კვლევების მაგისტრანტის, ოთო კობახიძის სტატიაში, რომელიც ნეტგაზეთზე გამოქვეყნდა.