წულუკიანმა ამ საკითხებზე თავისი პოზიცია ტელეკომპანია მე–9 არხის გადაცემა “მთავარ კითხვაში” დააფიქსირა.
“მივესალმები პრეზიდენტის ინიციატიავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს პარლამენტში. გასაკვირია, რომ ეს ინიციატივები წამოვიდა ახლა. რაც შეეხება ეკონომიკურ ამნისტიას, თუკი ინვესტორებს შეუქმნის უკეთეს განწყობას ეკონომიკური პროცესებისადმი, რატომაც არა, მაგრამ სანამ დასკვნებს გავაკეთებდეთ, ჩავიხედოთ, რა წერია პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც ჩემთვის ჯერჯერობით ზეპირი გამონათქვამების სახით არის ცნობილი” – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, წულუკიანის განცხადებით: “ამის შესახებ, ვიდრე პრეზიდენტი ისაუბრებდა, ძალიან ბევრმა პროკურორმა ჩვენი უწყების შიგნით, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, გამოთქვა თავისი აზრი და თქვა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, როცა ბატონი ზურაბ ადეიშვილი იყო მინისტრი, და ამავე დროს პროკურორი, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ ტენდენცია იყო იქითკენ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ხასიათის გადაცდომა თუ კანონშეუსაბამობა ავტომატურად კვალიფიცირდებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის კუთხით. პროკურორები განთავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდათ, პირადად ჩემთან საუბარში ამბიბდნენ, კარგი იქნებოდა, თუ მოხდებოდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.”
იუსტიციის მინისტრი დამატებით შეფასებებს მას შემდეგ გააკეებს, როცა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას გაეცნობა: “ვნახოთ კიდევ ერთხელ, თუ როგორ შეადგინა პრეზიდენტმა თავისი საკანონმდებლო ინიციატივა. იქნება დებატები, ამაში მთავრობა მიღებს მონაწილეობას და გამოთქვამს თავის აზრს.”
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ინიციატივებით დღეს გამოვიდა. პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, მეორე საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მესამე კანონპროექტი ეხება სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ გარანტიებს.
