ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ამ ვიდეოების გავრცელება ალბათ საჭირო იყო’

15 იანვარი, 2013 •
ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ამ ვიდეოების გავრცელება ალბათ საჭირო იყო’

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს: 

 

“ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავები. ამას ემსახურება ჩვენს მიერ წამოწყებული რეფომრები, რომელსაც ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ. ამ ვიდეოების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალნათლივ დაენახა, რა უბედურებასთან ჰქონდა საქმე და ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობა არასწორად მიმაჩნია”, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მინისტრის განცხადებით, ამგვარი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ჩაბმა დანაშაულებრივ სქემებში: “ამ ფორმით არ უნდა მოხდეს ადამიანის მართვა. ეს არის წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რასაც ჩვენ ვებრძვით”. 

 

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით,  მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე,  ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ  მათ და  სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. 

 

ეს ვიდეომასალა და სპეციულური განცხადება პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს გაავრცელა. 

 

“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე(საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე,  ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ  მათ და  სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ . კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეოაპარატურით.

ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ  სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი