რამდენიმე საქმეს შესაძლოა გრიფი საიდუმლო მოეხსნას

ჯაშუშობის ბრალდების რამდენიმე საქმეს, მათ შორის- “ენვერის, მაისაიას, კიღურაძის” საქმეს შესაძლოა გრიფი საიდუმლო მოეხსნას. აღნიშნული ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოდის:

“უნდა მოეხსნას გრიფი საიდუმლო, გარდა იმ საგამონაკლისო შემთხვევებისა, მართლაც სადაც არის სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია, თუ ასეთი არიs. მაგრამ ის საქმეები, რომელიც ჩვენ გვქონდა შესასწავლად, ძალიან ბევრ საქმეში უბრალოდ ასეთი დოკუმენტები არ არსებობს. ”

მისივე თქმით, იმის საილუსტრაციოდ, რომ აღნიშნული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ის საჯარო უნდა გახდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ  ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ:

“ზოგადად ჩვენ იმთავიდან ვაცხადებდით, რომ ეს საქმეები განსაკუთრებული საფრთხილო საქმეებია, იმდენად, რამდენადაც აქ პოლიტიკური მოტივებით საქმე წარმართული არ ყოფილიყო, რომ კონკრეტული დანაშაული, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ითვალისწინებდა ჯაშუშობის საქმიანობას და გამომდინარე თანმდევი შედეგებით აქ არანაირი პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება არ შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია და უკვე სამართალდამცავმა ორგანოებმა და საპარლამენტო კომიტეტებმა უნდა განსაზღვრონ შემდეგში,  რა ბედი უნდა ეწიოს ამ საქმის მასალებს.”

შეგახსენებთ, რომ   13 იანვარს საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ყველა ის პატიმარი გათავისუფლდა, ვინც საქართველოს პარლამენტმა 5 დეკემბერს მიღებული დადგენილების საფუძველზე პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, საქართველოში 190 პირი იქნა პოლიტპატიმრად აღიარებული.

გათავისუფლებულებს შორის არიან 26 მაისის საქმეზე, მუხროვანი ამბოხის, ოპერაცია ენვერის, ყინწვისის და სხვა მსგავსი საქმეებისთვის მსჯავრდებული პატიმრები, რომელთაც პოლიტპატიმრის სტატუსი აქვთ მინიჭებული.