არის თუ არა ოქრუაშვილი “სასამართლოს პატიმარი”

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

თუმცა მანამდე საიას თავმჯდომარე კახა კოჭორიძე აცხადებს, რომ ის, რაც სასამართლოს განცხადებაში “იკითხება” უკანონობაა. თუმცა მისთვის სასამართლოს განცხადება მთლად ნათელი არ არის. 

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 იანვარს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც სასამართლომ ახსნა თავისი გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით. მანამდე  პროკურატურამ ამ გადაწყვეტილების გამო ოქრუაშვილს “სასამართლოს პატიმარი” უწოდა.

ოქრუაშვილისთვის ერთ-ერთ საქმეზე წაყენებულ ბრალდების საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოდ შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 3 იანვარს მიმართა.  4 იანვარს იმსჯელა ამ საქმეზე სასამართლომ და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ მიიჩნია, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო, რადგან: “  პროკურატურა არის ბრალდების მხარე. მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება მოითხოვოს პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. აღკვეთის ღონისძიებიდან ყველაზე მძიმე ღონისძიებაა პატიმრობა, ხოლო უფრო მსუბუქი- გირაო.  სასამართლოს უფლება არ აქვს, პირს შეუფარდოს პროკურორის მიერ მოთხოვნილზე უფრო მძიმე  ღონისძიება.  სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც ჩვენ ვითხოვდით ირაკლი ოქრუაშვილისთვის  პატიმრობის შეცვლას გირაოთი,  არ დააკმაყოფილა და არც დაასაბუთა, რატომ. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება არც ქართულ და არც სხვა სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალწარმოებაში. მსგავსი უპრეცედენტოდ უკანონო ქმედება სასმართლოს მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებას, რითაც ის უკვე სასამართლოს პირადი პატიმარი გახდა”.

პროკურატურის სწორედ ამ შეფასებას გამოეხმაურა სასამართლო 9 იანვარს,  პროკურატურას სამართლებრივ სივრცეში დარჩენისკენ მოუწოდა და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

“გაცნობებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ  სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ირაკლი ოქრუაშვილს  შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო დაუსწრებლად შეეცვალა – დაპატიმრებით 2 (ორი) თვის ვადით, პატიმრობის ვადის ათვლის დასაწყისად მითითებული იქნა ბრძანების აღსრულების მიზნით ბრალდებულის დაპატიმრების მომენტი.

2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს  2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების 2 (ორი) თვიანი ვადის  გაგრძელება, რომელიც აითვალა ბრალდებულის დაკავების მომენტიდან,  კიდევ 1 (ერთი) თვის ვადით.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, პროკურატურის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელი შესაბამისი მტკიცებულებები,  მათ შორის პირის დაკავების ოქმი, ხოლო ბრალდების მხარემ დაკავების ათვლის თარიღად მიუთითა ი. ოქრუაშვილის დაკავების ტელევიზიით გაშუქებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. საქმეში ოქრუაშვილის დაკავების ოქმის არ არსებობის გამო, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე, რის გამოც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

2013 წლის 3 იანვარს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა  და ითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ  2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების შეცვლა გირაოთი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყო მოწმეები, რაც ვერ ესწრებოდა  2 თვიან საპატიმრო ვადაში,  არ წარმოადგენდა ახალ არსებით გარემოებას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ამოწურულია   2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით (1999 წლის 15 მაისის რედაქცია) შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის 2 თვიანი ვადა და რადგან პატიმრობის გირაოთი  შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არამედ აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთანავე, აღსანიშნავია, ამჟამად ი. ოქრუაშვილი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე იმყოფება პატიმრობაში და ასევე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო  უფლებამოსიალია არათუ უარი თქვას  შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არამედ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით უარი თქვას შუამდგომლობის დასაშვებობაზე და საერთოდ არ განიხილოს აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნილზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, არამედ უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას”.
სასამართლომ  პროკურატურას მოუწოდა, ნუ გავა სამართლებრივი სივრციდან და სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებების ნაცვლად, გამოიყენოს მხარისათვის  საპროცესო კანონმდებლობით  მინიჭებული  უფლება-მოსილება – ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების სახით.

სასამართლოს ამ გაცხადებას 9 იანვარსვე გამოეხმაურა პროკურატურა.

 

“მარტივი სამართლებრივი საკითხია და გაურკვევლია, რატომ ართულებს სასამართლო, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მხარეს და არ შეუძლია უფრო დაამძიმოს ბრალდებულის მდგომარეობა, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ითხოვს. უდავო ფაქტია, რომ პატიმრობაში დატოვებით, სასამართლომ ბევრად უფრო დაამძიმა ირაკლი ოქრუაშვილის მდგომარეობა, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა, რაც სამართლებრივი ნონსენსია და ანალოგი არ მოეძებნება არცერთი სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალწარმოებაში.

 

ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც პროცესის ორივე მხარე (პროკურატურა და დაცვა) ითხოვდა პატიმრობის შეცვლას.

 

სასამართლოს განცხადება იმის შესახებ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის გამო, პატიმრობის ვადა გავიდოდა და ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილი ასეთი ღონისძიების გარეშე დარჩებოდა,  არაპროფესიონალურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.

 

თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მიზანს ემსახურებოდა, მაშინ მას თავად უნდა გაეუქმებინა აღკვეთის ღონისძიება, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ბუნდოვანია სასამართლოს განმარტება. სწორედ ამიტომ აპირებს საია  გამოითხოვოს სასამართლოს განჩინებები და საბოლოო პოზიციას ამის შემდეგ წარმოადგენენ, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აღნიშნავს, რომ ის, რაც სასამართლოს განცხადებაში იკითხება, უკანონობაა, რადგან პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე სასამართლოს არა აქვს უფლება პატიმრობის გაგრძელების.

“სასამართლოს უწერია დაახლოებით  ასეთი რამ, რომ ოქრუაშვილს ჰქონდა აღკვეთის სახით პატიმრობა, ამასობაში სანამ გავიდოდა პატიმრობის ვადა, პროკურატურამ იშუამდგომლა გირაოს შეფარდების შესახებ, ჩვენ ეს არ დავაკმაყოფილეთ და რადგანაც გადიოდა აღკვეთის შესახებ პატიმრობის ვადა, რომ არ აღმოჩენილიყო ისე, რომ ბრალდებული საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ამიტომ ჩვენ პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუხანგრძლივოთ ორთვიანი პატიმრობა ოქრუაშვილსო-  ასეთი აზრი გამოვიტანე მე სასამართლოს გავრცელებული განცხადებიდან და როგორც გავიგე პროკურატურამაც იგივე აზრი გამოიტანა. თუ ეს ასეა და მართლაც ორთვიანი ვადა გავიდა პროკურატურას არ დაუყენებია შუამდგომლობა ამ ვადის გაგრძელების შესახებ და სასამართლომ თავისი ინიციატივით გააგრძელა პატიმრობა, მაშინ ეს იქნება უკანონო და კანონდარღვევა.  მაგრამ ზუსტად ეს არგუმენტი არის თუ არა არ ვიცი, რადგან სასამართლოს განჩინება არ მინახავს. თუ ეს ასე მოხდა, როგორც იკითხება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ სამართლომ ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როცა პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე გააგრძელა ორთვიანი პატიმრობის ვადა”, – აცხადებს კოჭორიძე.

ის განმარტავს, რომ პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე სასამართლოს არა აქვს უფლება პატიმრობის ვადა გაახანგრძლივოს.

“არასოდეს არც ჩვენს პრაქტიკაში და არც სხვა რომელიმე ნორმალური ქვეყნის პრაქტიკაში , მე ნამდვილად არ მახსოვს, რომ რაც მოითხოვა პროკურატურამ, უფრო მეტი შეეფარდებინოს სასამართლოს”, – ამბობს კოჭორიძე.

მისი თქმით, თუ სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა ნამდვილად პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე გაუგრძელა, ეს ცალსახად არღვევს საქართველოს  საპროცესო კანონმდებლობას.

სასამართლომ გუშინ, 9 იანვარს ირაკლი ოქრუაშვილის სხვა ბრალდებასთან დაკავშირებულ აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელა, რომელზეც პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შფარდებას ითხოვს. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.