ვინ იქნება გალელის მოკავშირე?

ორიოდე წლის წინ ერთმა აფხაზმა ბლოგერმა დაწერა ფრაზა,  რომლის ზუსტი ფორმულირება არა, მაგრამ აზრი კი  მახსოვს: გალს შეხედეთ და მიხვდებით, როგორ ვიქნებოდით, ჩვენ რომ გავქართველებულიყავით. ფრაზა, რასაკვირველია, არასასიამოვნო წასაკითხი იყო,  თუმცა, ალბათ, ავტორის განზრახვისგან დამოუკიდებლად, რაღაც ორაზროვნებას შეიცავდა.  

ისიც საგულისხმოა, რომ ავტორი იმ წრეს არ მიეკუთვნება, ვინც გალელ ქართველში მტერს ხედავს. წლებია, მისი ბევრი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ამ ადამიანების უფლებებს იცავს – ამიტომ იყო მოულოდნელი, რაც დაწერა, და დაფიქრების იმპულსსაც იძლეოდა.

გალის პრობლემების სპეციფიკურობა, ორივე მხრიდან წამოსული პროპაგანდის კვალი და ამ ადამიანებთან ურთიერთობის სირთულე მუდამ იმის შიშს მიჩენდა, რომ უშუალოდ აფხაზურ პრობლემებთან შედარებითაც კი, ბევრად რთული იქნებოდა სრული სიმართლის დადგენა. ეს თითქოს ცალკე არეალია პოსტკონფლიქტური სივრცისა, საიდანაც ადამიანების ხმა ყველაზე ნაკლებად გვესმის.

მოდი, ძალიან მოკლედ ვთქვათ, როგორ აღიქმება აფხაზეთის მკვიდრის მიერ გალელი. შემიძლია ვივარაუდო, რომ აფხაზეთის სხვა ტერიტორიაზე გალელ ქართველს აფხაზი ძნელად შეხვდება. ამავე დროს, გალი, ბანალურადვე გავიმეორებ, აფხაზეთის ბეღელია. აქ ცხოვრობენ აფხაზეთის ყველაზე მშრომელი ადამიანები. ამავე დროს, გალელი მოკლებულია ბევრ უფლებას და თვით მის იდენტობას საფრთხე ემუქრება. ამ იდენტობის რღვევა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა იმ წნეხებს შორის, რასაც გალელი მუდამ გრძნობს, ესეც შეიმჩნევა. მაშასადამე, ყველაზე  მშრომელი, ყველაზე უუფლებო – დაახლოებით უკვე გასაგებია, რას გულისხმობდა ზემოთ ნახსენები ადამიანი – რომ აფხაზი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა (მისი წარმოდგენით) დამონებული. ან შეიძლება, უფრო ზუსტად, უფლებებ- და ღირსებაჩამორთმეული ადამიანი, რომლის იდენტობაც შეცვლილია, ან შეიცვლება.

ვინ არიან გალელები – ისტორიკოსი არ ვარ და ამ ორი მხრიდან ,,შელამაზებული’’ ისტორიის სინამდვილეში გარკვევა საკუთარი ძალებით მიჭირს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც წამიკითხავს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხანაში, როდესაც რელიგიური კუთვნილება ეთნიკურზე მნიშვნელოვანი იყო, ასევე ტერიტორიაზე, რომელიც ორ სამეფოს შორის დაუსრულებლად ხელიდან ხელში გადადიოდა – ქართული ეკლესიის გავლენით, მასთან, თუ გნებავთ, ტერიტორიული სიახლოვითაც, ასევე  თურქული გავლენისგან გამორიდებით- შეიქმნა ეს იდენტობა, რომელიც წარმომავლობით ორგვაროვანია, ცნობიერებით კი, ქართული. ზოგადად, სახსენებელია მეგრული მოსახლეობის იდენტობის ცვლა ტერიტორიის-და მიხედვით.

ვინ არიან გალელები აფხაზებისთვის – აფხაზები თითქოს შეთანხმებული არიან იმაზე, რომ გალის მოსახლეობა იდენტობაშეცვლილი აფხაზებისგან შედგება.  ასევე წერენ იმის შესახებაც, რომ მუჰაჯირობის დროს გასახლებული იქნა გალის მკვიდრთა ერთი (სავარაუდოდ, მუსლიმური) ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს აფხაზად თვლიდა. ასევე აღნიშნავენ, რომ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში გალში კიდევ შეიძლებოდა აფხაზურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ნახვა. ჩვენ, ბუნებრივია, ამ საკითხებს აქ მეტად ვერ ჩავუღრმავდებით.

ძალიან ზოგადად, აფხაზებს შორის გალელების მიმართ ორი გამოკვეთილი დამოკიდებულებაა: არსებობს საზოგადოების საღი, შემწყნარებელი ნაწილი, და მათ აუცილებლად ერთვის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ოთხომოცდაათიანი წლებიდან იცავს გალის მკვიდრთა ყველა უფლებას, რაც შესაძლოა, საქართველოში ეს არასდროს ჩანდა, მაგრამ  – ძალიან გაბედულად, იდეურად; და არსებობს ნაციონალისტურად განწყობილი სექტორი, რომელიც გალის მკვიდრთ მტრული ქართული სახელმწიფოს მოკავშირეებად აღიქვამს. აფხაზეთის ახალი ხელისუფლება, რომელიც ამ ნაციონალისტური ელემენტით არის გაჯერებული, ერთი მხრივ, გალში უსაფრთხოებისა და ადამიანების დაცულობისკენ მიმართულ ღონისძიებებს ატარებს, მეორე მხრივ – ემზადება, გალელები გამოაფხიზლოს და ,,აფხაზეთის სრულუფლებიან მოქალაქეებად“ აქციოს. მაგალითად, ორი წლის  წინ გალის რაიონის მეთაურმა, თემურ  ნადარაიამ გალში ქართველები ( მცირე ჯგუფი, რასაკვირველია) აფხაზთა გამარჯვების/ მათი დამარცხების აღსანიშნავ მიტინგზე გამოიყვანა და, თუ სწორად მახსოვს, ამ დღის შესაფერისი სიმღერაც ამღერა.

ვინ არიან გალელები ქართველებისთვის –   უფრო ზუსტად, ვიკითხოთ: არის თუ არა ქართული სახელმწიფო გალელების მოკავშირე? იყო თუ არა მოკავშირე მაშინ, როდესაც მოსახლეობის ამ ჯგუფში ეძებდა დასაყრდენს უკანონო ქმედებისთვის? უცდია კი საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას, აფხაზეთის ხელისუფლებასთან ( თუნდაც ,,დე ფაქტო“ ხელისუფლებასთან, როგორც პირველი მეორეს უწოდებს) თანამშრომლობის ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომლებიც სწორედ და მხოლოდ ამ ადამიანების ინტერესების დაცვის სურვილით იქნებოდა განპირობებული? ფაქტი სახეზეა: გალის მოსახლეობა ისეთივე უხილავ, უხმო მასად აღიქმებოდა დანარჩენი საქართველოსთვის, როგორც ქართველი დევნილები.

ამის საილუსტრაციოდ საქართველოში აფხაზეთის მკვიდრთა სამედიცინო მომსახურებაც გამოდგება. ეთნიკური აფხაზი აქ უფასოდ მკურნალობს. გალის მკვიდრნი კი უამრავ სხვადსხვა სახის სირთულეს აწყდებიან. უფასო მკურნალობის პრინციპი მათზე ისევე არ ვრცელდება, როგორც ქართველ დევნილებზე.  

გალელების მიმართ გატარებულ ამ პოლიტიკას ბევრი რამ შეიძლება ეწოდოს: გულგრილი, დისკრიმინაციული, სულელური და, რაც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ჯერაც მნიშვნელოვანია, ღირსებას მოკლებული. ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით გალის რაიონის მკვიდრს ვესაუბრე, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს. მისი აზრით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ გალელებმა, შესაძლოა, ნელ-ნელა დაიწყონ ეროვნების შეცვლა – კარგად ვიცით, ეს ჯერ დოკუმენტებში ხდება, შემდეგ – მომდევნო თაობაში, უკვე ცნობიერებაზეც აისახება.

ვინ შეიძლება გახდეს გალელი იდენტობის შეუცვლელად ორივე მხარის საღ ძალთა თანამშრომლობის წყალობით? ფაქტია, რომ გალის მკვიდრის უფლებებს- ქართული პასპორტი ექნება მას, აფხაზური თუ ბინადრობის მოწმობა, რომლის გაცემაც გალელებისთვის ახლა იწყება აფხაზეთში – ქართული ან აფხაზური მხარე უნდა იცავდეს.  ადრეც აღგვინიშნავს, რომ თუ აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესს ეთნიკური ნიშნით გამოვყოფთ, აფხაზების ინტერესები ცალკე დგას და გაცილებით დიდი საფრთხის წინაშეა, ვიდრე სხვა დანარჩენი ეთნიკური ჯგუფებისა – ამის გაგება ადვილი იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთის ეროვნული პროექტი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე შეიძლება განვითარდეს და არსად სხვაგან – და ასევე შეიძლება დასრულდეს აგრესიული მეზობლისა და სატელიტური ძალების მეშვეობით. იმედია, საქართველოს რომელიმე ხელისუფლება (და ამისთვის დიდი დრო არ გვაქვს), მათი მეგობრული ნაბიჯების შემდეგ კი აფხაზური მხარეც, გააცნობიერებენ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ამ ორ ჯგუფს ბევრი საერთო ინტერესი აქვს. ორ მხარეს შორის გალის როლის იდეალურ ნიმუშად ისევ და ისევ პანკისელ ქისტებს ვახსენებ, მოსახლეობის ჯგუფს, რომელშიც ,,ბედნიერადაა“ შეწრყმული ორი იდენტობა.

ბევრი აგრესიაა ორ მხარეს შორის, არის კეთილგანწყობაც – მაგალითად, საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩვენი ცნობიერების უამრავი ნაკლის, ამას გარდა, მოსახლეობის საერთო სიღარიბის მიუხედავად, ჩვენს მოქალაქეებს არასდროს მოუთხოვიათ აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტთათვის უფასო მკურნალობის გაუქმება. თუმცა, შესაძლოა, ძალიან სწორი იყოს ჩვენი სახელმწიფოს რესურსის შეძლებისდაგვარად გაზრდა ამ სფეროსთვის და გალელებისთვის, დევნილებისა და აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ერთნაირად გადანაწილება. პირველ რიგში, ეს ალბათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება.

აქ ისევ გალში ჩატარებულ აღლუმს მივუბრუნდები, როგორც ძნელად მოსანელებელ ან შეურაცხმყოფელ ფაქტს.  ვფიქრობ, ასეთი ამბების შემსწრეებსაც კი მოგვეთხოვება რაციონალური განსჯა, ისევ  იმ ადამიანების ინტერესის გათვალისწინებით, ვინც ორმხრივ წნეხშია მოქცეული. რა გააკეთა ბატონმა ნადარაიამ? ის, რასაც ნებისმიერი ქართველი ნაციონალისტი აპლოდისმენტებით დააჯილდოებდა, ჩვენ რომ რუსული მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი გვქონდეს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი ამ ქვეყნის პოლიტიკის მხარდამჭერი იქნებოდა საქართველოში, და რაიონის ახალი მმართველი ამ ხალხის გაქართველებას თუ არა, ,,მოქართველებას“ შეუდგებოდა.  პრობლემა თითქოს ორია: ა. რომ ქართული მხარე არ იცავს ქართული მოსახლეობის ღირსებას. ბ. რომ ქართული მხარე არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ აფხაზები გალის ქართველობას მტრებად არ აღიქვამდნენ. თუმცა ჩემი შენიშვნა გარკვეულწილად უსამართლოა – ეს სამუშაო ორივე მხარეს აქვს ჩასატარებელი და არა ცალ-ცალკე, არამედ – ერთად. ეს ასე მალე, ალბათ, ვერ მოხერხდება, მაგრამ ამაზე ფიქრის და ქმედების დაწყების დროა. თემურ ნადარაიამ იჩქარა იმიტომ, რომ მისი მიზანი გალელების ღირსების დაცვა არასდროს ყოფილა, ეს შემდეგი თაობის ან სხვა პოლიტიკური წრეების აფხაზ პოლიტიკოსთა გასაკეთებელია. იჩქარა, მაგრამ თუ ერთმანეთის მიმართ სწორ, გონივრულ, ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილ ნაბიჯებს გადავდგამთ, როდესმე აუცილებლად გამოვალთ ჩვენი საერთო რეგიონის გამარჯვების აღლუმებზე ერთად და ალბათ ვიმღერებთ კიდევაც. მხოლოდ ასე, არა მანამდე.

სოფელი საბერიო; გალის მუნიციპალიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

სოფელი საბერიო; გალის მუნიციპალიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი


ბიოლი