გიგო გაბაშვილის ახლადაღმოჩენილი ნამუშევრები

დღეს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ერთ–ერთმა მონაწილემ, მაია ციციშვილმა მოხსენება წაიკითხა სახელწოდებით “გიგო გაბაშვილის უცნობი მხატვრობა”.

მან საზოგადოებას გიგო გაბაშვილის დღემდე უცნობი ნამუშევრები პირველად წარუდგინა. გიგო გაბაშვილის ახლადაღმოჩენილი ნახატები, რომლებიც ამჟამად ეროვნული მუზეუმის ფონდში ინახება, დაახლოებით მე–19 საუკუნის ბოლოსა და მე–20 საუკუნის დასაწყისშია შესრულებული.

“ეს ნახატები ფაქტობრივად საუკუნეზე მეტხანს ისე არსებობდა, რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, სავარაუდოდ, ნახატები საბჭოთა პერიოდში უმნიშვნელოდ მიიჩნიეს”, – აცხადებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია ციციშვილი.

ნახატებთან ერთად აღმოჩენილია ფოტომასალაც. როგორც მაია ციციშვილი ამბობს, ნამუშევრების დიდ ნაწილს გიგო გაბაშვილის ხელმოწერა არ აქვს.

“იმის დასაბუთება, რომ ნახატები მართლაც გიგო გაბაშვილისაა, იქიდან გამომდინარეც მოხდა, რომ აღმოჩნდა ფოტომასალაც, რომელშიც იგივე თემა მეორდება, ანუ ერთად აკეთებდა გრაფიკულ ნამუშევრებსაც და იღებდა ფოტოებსაც. შესაძლოა, რომ ეს იყო გამიზნული დიდი ზომის ფერწერული ტილოების შესაქმნელად, მაგრამ გრაფიკასაც და ფოტოსაც დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს მაია ციციშვილი.

მისი თქმით, ნახატებზე იდუმალი, ირაციონალური სამყაროა გამოხატული. მკვლევარები თვლიან, რომ გაბაშვილის ნახატებში გერმანული ან ფრანგული სიმბოლიზმის გავლენა იგრძნობა. გაბაშვილის ახალ ნამუშევრებში გამოსახული ქალები ხშირად დემონებად არიან წარმოდგენილი. მაია ციციშვილის განცხადებით, ამ აღმოჩენამ გაბაშვილის შემოქმედებაზე ხედვა სრულიად შემოაბრუნა, გაბაშვილი ახლა უკვე მოდერნისტ მხატვრად შეიძლება ჩაითვალოს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version