ფარული თვალთვალი: “ეს შენ გეხება” მოქალაქეების სარჩელებს შეაგროვებს

“ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები,” – ასეთია კამპანია “ეს შენ გეხებას” შეფასება, რომელმაც დღეს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართა.

კამპანია მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა.

“ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა”, – აცხადებს კამპანია “ეს შენ გეხება”.

მოქალაქეებს შეუძლია, შევსებული სარჩელი ამობეჭდონ, ხელი მოაწერონ და მიაწოდონ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ მივიდნენ დასახელებულ მისამართზე და შეავსონ სარჩელი. ამისთვის თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ პარლამენტის დამტკიცებული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ სტანდარტებს.

“ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამწესრიგებელ სხდომაზევე მოხდეს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა. სასამართლომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას, მისი გადაწყვეტილების სრული ნიველირება მოახდინა პარლამენტმა და ახლა დროა სასამართლომ ეს კანონი გააუქმოს და სტატუს კვო აღადგინოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.