ახალი ამბები

ფარული თვალთვალი: “ეს შენ გეხება” მოქალაქეების სარჩელებს შეაგროვებს

31 მარტი, 2017 • 3489
ფარული თვალთვალი: “ეს შენ გეხება” მოქალაქეების სარჩელებს შეაგროვებს

“ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები,” – ასეთია კამპანია “ეს შენ გეხებას” შეფასება, რომელმაც დღეს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართა.

კამპანია მიიჩნევს, რომ ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა.

“ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა”, – აცხადებს კამპანია “ეს შენ გეხება”.

მოქალაქეებს შეუძლია, შევსებული სარჩელი ამობეჭდონ, ხელი მოაწერონ და მიაწოდონ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ მივიდნენ დასახელებულ მისამართზე და შეავსონ სარჩელი. ამისთვის თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ პარლამენტის დამტკიცებული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ სტანდარტებს.

“ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამწესრიგებელ სხდომაზევე მოხდეს კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა. სასამართლომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას, მისი გადაწყვეტილების სრული ნიველირება მოახდინა პარლამენტმა და ახლა დროა სასამართლომ ეს კანონი გააუქმოს და სტატუს კვო აღადგინოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.


  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.
  • საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო 20  მარტს დაადო.
  • 22 მარტს პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი