ახალი ამბები

გადაადგილება ველოსიპედით – მოსალოდნელი ცვლილებები თბილისში [ფოტო/ვიდეო]

29 მარტი, 2017 • 11037
გადაადგილება ველოსიპედით – მოსალოდნელი ცვლილებები თბილისში [ფოტო/ვიდეო]

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, როგორც მისი ავტორები ამბობენ, ქვეითების და ველომოყვარულების ინტერესებია გათვალისწინებული. ველომოყვარულები აცხადებენ, რომ თბილისში ველოკულტურას განვითარება სჭირდება. თბილისის მერიამ ველობილიკის მშენებლობა დაიწყო.

მერაბ ბოლქვაძე, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელია, ამბობს, რომ გენგეგმაში ველობილიკების არეალებია დადგენილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაკეთდეს ველობილიკები. თუმცა გენგეგმა მაინც ზოგად მონახაზს იძლევა და კონკრეტულად სად და როგორ გაკეთდება ველობილიკები, ეს შემდეგ ეტაპზე უნდა გაირკვეს, როდესაც კონკრეტული საპროექტო გეგმა მომზადდება.

“ფეხმავალთა და ველოტრანსპორტის უპირატესი  განვითარება გენგეგმის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია”, – უთხრა ნეტგაზეთს მერაბ ბოლქვაძემ.

ველოსადგომი თსუ-ში. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ველოსადგომი თსუ-ში. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე 3-კილომეტრიან ველობილიკს აშენებს. მერიის ცნობით, ველობილიკი 2017 წლის ივნისში დასრულდება.

მერიის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, რომ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც უნდა გაკეთდეს ტროტუარები და ტროტუარებზე მოეწყობა ველობილიკი.

ამის გარდა, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური მტკვრის სანაპიროზე ველობილიკს მას შემდეგ გააკეთებს, რაც კეთილმოწყობის სამსახური ტროტუარზე ასფალტს დააგებს. მერიის ცნობით, ველობილიკი ტროტუარზე გაკეთდება, მარშრუტი კი ასეთი იქნება: ველობილიკი დაიწყება “დედაენის ბაღიდან”, გამოუყვება მარჯვენა სანაპიროს ვახუშტის ხიდამდე, შემდეგ ხიდზე გადავა და მარცხენა სანაპიროს გამოუყვება ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით,  ისევ გადავა ხიდზე და დდედაენის ბაღში დასრულდება.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, ამ ბილიკის საერთო სიგრძე 8 კილომეტრი იქნება და ამ მარშრუტზე რამდენიმე ველოსადგომი გაკეთდება.

ველობილიკები ერთ-ერთია იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც თბილისის ველომოყვარულებს აქვთ. ის ველოსიპედისტები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ ველობილიკების გაჩენა ხელს შეუწყობს ველოკულტურის განვითარებას.

ველომოყვარული ირაკლი ქსოვრელი. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ველომოყვარული ირაკლი ქსოვრელი. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ირაკლი ქსოვრელი ამბობს, რომ ველობილიკები მოაწესრიგებს მოძრაობას, ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსახლეობამ ველოსიპედი გართობის საშუალებად კი არ აღიქვას, არამედ ტრანსპორტის სახეობად დამკვიდრდეს.

“თუ ბილიკები იქნება, იქნება პარკინგიც, არ მოგვიწევს ველოსიპედის პარკში სკამზე მიკვრა, საგზაო ნიშნის ბოძებზე ვაბამ ხოლმე. არის ზოგი კატეგორია, რომ ვერ გამოდის, რადგან მანქანების ეშინია – სხვებიც შემოგვიერთდება ველობილიკების გამო. ხალხი გაიგებს, რომ ველოსიპედი ტრანსპორტის სახეობაა და არა მხოლოდ ეზოში სასეირნო”, – ამბობს ირაკლი ქსოვრელი.

ირაკლი ქსოვრელი აბიტურიენტია, სანზონაში ცხოვრობს და მასწავლებლებთან, რომლებიც გლდანში, მუხიანსა და თემქაზე ცხოვრობენ, თავისი ველოსიპედით მიდის. იგი გვიყვება იმის შესახებაც, რომ საჭიროა მძღოლებისა და ველოსიპედისტების თვითშეგნება გაიზარდოს და ყველამ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები, რაც თავად ველოსიპედით მოსარგებლეებს ქალაქში მოძრაობას გაუადვილებს.

ირაკლი ამბობს, რომ ტროტუარზე არასოდეს დადის, რადგან ქვეითებს ისეთივე საფრთხეს უქმნის, როგორც მას ავტომობილებმა შეიძლება შეუქმნან, იგი ავარიაშიც მოყოლილა მანქანასთან შეჯახების გამო. ასევე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრაობის დროს  გაჩერებული მანქანიდან გადმოსულ მგზავრებს ან მძღოლს ხშირად კარი გაუღია.

ველომოყვარული გიგა ჟვანია. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ველომოყვარული გიგა ჟვანია. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

თბილისის ველომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი, თამაზ თიკანაძეც მოელის, როდის აშენდება ველობილიკები თბილისში. თუმცა მიაჩნია, რომ ველობილიკების პარალელურად უნდა შეიქმნას სხვა ინფრასტრუქტურაც: სპეციალური ნიშნები და შუქნიშნები.  მას აქვს მოთხოვნები თუ როგორი უნდა იყოს ველობილიკი.

თიკანაძე ამბობს, რომ ტროტუარზე ველობილიკის გაკეთება გამოსავალი არაა, რადგან თბილისში ქვეითებს ისედაც არ აქვთ სივრცე. ველობილიკის სივრცე უნდა მოაკლდეს საავტომობილო გზას.

“უნდა მოაკლდეს ავტომობილების გზას, რამდენიც იქნება გამოყოფილი 2, 1 თუ 1,5 მეტრი. გააჩნია, რომელ სტანდარტს ავირჩევთ. ველობილიკი უნდა იყოს მაქსიმალურად იზოლირებული, რომ ავტომობილმა ვერ მოახერხოს მანდ შესვლა. სხვანაირად ვერ გამოვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში”, – ამბობს თამაზ თიკანაძე.

ველომოყვარული თამაზ თიკანაძე 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ველომოყვარული თამაზ თიკანაძე 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

თამაზ თიკანაძე 4 წელია, რაც თბილისში ველოსიპედით გადაადგილდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მცირედით შეიცვალა მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულება ველოსიპედით მოსარგებლეების მიმართ, სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა.

თიკანაძე თბილისის ოპერის თეატრის წინ ცხოვრობს და სამსახურამდე, ვაკეში მისასვლელად ძირითადად საავტომობილო გზას იყენებს და იშვიათ შემთხვევაში სარგებლობს ტროტუარით.

თუმცა, როგორ ამბობს, ყველა ველოსიპედისტს არ სურს ველობილიკების გაჩენა, რადგან საავტომობილო გზებზე ისინი უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, ველობილიკები კი მათ სიჩქარეს შეამცირებინებს.

“მაგრამ ეს არაა გასასამართლებელი საბუთი. ველობილიკი ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ მათი ტრანსპორტი გახდეს ველოსიპედი”, – ამბობს თიკანაძე.

გიგა ჟვანია იმ ველოსიპედისტებს შორისაა, ვისთვისაც ველობილიკი გადაადგილებისთვის აუცილებელი არაა. ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მას პრობლემა არ ექმნება ავტომობილებთან, რომელთა გვერდით საავტომობილო გზებზე დადის. გიგა ამბობს, რომ სწრაფად დადის და მანქანებს ხელს არ უშლის მოძრაობაში.

ველომოყვარული მარია მიხელიძე. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ველომოყვარული მარია მიხელიძე. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

გიგა ჟვანია ამბობს, რომ ველობილიკების გაჩენა მას აღარ მისცემს იმის საშუალებას, რომ სწრაფად იაროს. თუმცა მაინც უჭერს მხარს, რომ ველობილიკები გაჩნდეს, რადგან ეს სხვა ველოსიპედისტებს დაეხმარება და ველოკულტურის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მისი თქმით, ყველაგან არაა ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილები. იგი თსუ-ში სწავლობს და  უკვე ერთი თვეა, რაც მის უნივერსიტეტში ველოსიპედისთვის პარკინგი შექმნეს.

გოგა საფარაშვილი დაახლოებით 7 წელია, რაც ველოსიპედით სისტემატურად დადის თბილისში და ამბობს, რომ ველოსიპედი ყველაზე სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა.

თბილისში არაა საპარკინგე ადგილები, არაა ველობილიკები, რის გამოც საავტომობილო გზებზე უწევს სიარული, თუმცა აქაც აწყდება საცობს, რაც მას ხელს უშლის გადაადგილებაში.

იგი მხარს უჭერს ველობილიკების გაკეთებას, თუმცა სკეპტიციზმსაც არ მალავს, რამდენად იქნება ისინი მხოლოდ ველოსიპედისტებისთვის და არ გააჩერებენ მანქანებს ველობილიკებზე.

მარიამ მიხელიძე ორი წელია, რაც ველოსიპედს იყენებს გადაადგილების მთავარ საშუალებად. იგი ამბობს, რომ იმდენად სიამოვნებს ველოსიპედით სიარული, რომ სირთულეებს, რომელიც თბილისის ქუჩებში გადაადგილებას უკავშირდება, არაფრად აგდებს.

მარიამი, სხვა ველოსიპედისტების მსგავსად, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ტროტუარზე არ დადის, არამედ გზის სავალ ნაწილზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში. ამიტომ მას ყველაზე მეტად მანქანების გამონაბოლქვი აწუხებს.

ველომოყვარული გოგა საფარაშვილი. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ველომოყვარული გოგა საფარაშვილი. 28.03.2017 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

“ბილიკების არქონა მაწუხებს იმ მხრივ, რომ მძღოლებს ესმოდეთ, რომ ჩვენც გვეკუთვნის გზა, თორემ გზაზე დავდივარ”, – ამბობს მარიამი.

მოთხოვნით, “ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა” ველოსიპედისტები 31 მარტს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ისინი, როგორც წესი, თვის ბოლო პარასკევს დადგენილი მარშრუტით მსვლელობას მოაწყობენ.

მსვლელობის მიზანია, გააგებინონ საზოგადოებას და სამთავრობო სტრუქტურებს, რომ მათ სჭირდებათ უსაფრთხო სივრცე და მოითხოვენ, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყოს.


2016 წლის აპრილში “ველომოყვარულთა კლუბმა”  ფონდთან “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” ერთად ველოტრანსპორტის განვითარების პროექტი მოამზადა. მათი პროექტის ფორმატში მომზადდა სპეციალური რუკა, რომლებზეც დატანილია ის ქუჩები, სადაც ველობილიკების გაკეთება დამატებითი ხარჯების გარეშეც შეიძლებოდა.

დეტალურად: ველოტრანსპორტის პერსპექტივა თბილისში

"მონიშნე და გააუმჯობესე" - ველოტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი რუკა. ავტორი: გიორგი კანკია

“მონიშნე და გააუმჯობესე” – ველოტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი რუკა. ავტორი: გიორგი კანკია

მასალების გადაბეჭდვის წესი