სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მისმა მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დღეს, 19 დეკემბერს, სამინისტროში ბოლო 45 დღის მანძილზე ჩატარებული სამუშაოები, არსებული სიტუაცია და სამომავლო გეგმები გააცნეს.
სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის შიგნით ყველაზე რადიკალური რეფორმა პატიმართა ჯანდაცვის სისტემას სჭირდება, რადგან საქართველოს საპატიმროებში პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5–ჯერ მეტია აშშ–სა და ევროპის მაჩვენებელზე.
მაგალითად, თუ აშშ–ში 10 ათას პატიმარზე 26 გარდაცვლილი პატიმარი მოდის წელიწადში, საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია. 2010 წელს ეს მაჩვენებელი იყო 60, 2011–ში – 55 და 2012 წელს -49 გარდაცვლილი პატიმარი 10 ათას მსჯავრდებულზე.
სოზარ სუბარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ დეტალურად აღწერა სასჯელაღსრულების სისტემაში მმართველობის შეცვლის დღიდან დღემდე განხორციელებული ქმედებები და არსებული პრობლემები.
მინისტრის მოადგილის ცნობით, სასჯელაღსრულების სისტემის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ციხის სამკურნალო დაწესებულებების გადატვირთულობა. მაგალითად, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც არის 170 პაციენტის ადგილი, იმყოფებოდა 280 პაციენტი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 3–ჯერ მეტი პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, 100 მძიმე პაციენტი შეიწყალეს, 50 ავადმყოფი პატიმარი კი პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. შესაბამისად, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მინისტრის მოადგილის ცნობით, ამჟამად 40 თავისუფალი ადგილია.
გადატვირთულობის შემდეგ მთავარ პრობლემად სოზარ სუბარის მოადგილემ სამედიცინო პერსონალის კომპეტენციისა და სამედიცინო აღჭურვილობის პრობლემა დაასახელა, მისი ცნობით, პაციენტის მკურნალობის მეთოდებზე ხშირად გადაწყვეტილებას ექიმის ნაცვლად არაუფლებამოსილი პირი იღებდა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ციხის სამკურნალო დაწესებულებებში ფაქტიურად სამედიცინო პერსონალისა და კედლების გარდა არაფერი არ არის, მოძველებული აპარატურა კი უხარისხო ანალიზებს აკეთებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება სამოქალაქოს სექტორის საავადმყოფოებში ჩატარებული ანალიზების შედეგებისგან. გარდა ამისა, პრობლემაა ციხეში ფსიქიატრიული მკურნალობა, რადგან ფსიქოტროპული წამლები ციხეში გარკვეული ვალუტის ფუნქციას ასრულებდა, პაციენტები რამდენიმე დღის მანძილზე აგროვებდნენ ამ წამლებს და შემდეგ სხვადასხვა ნივთზე ცვლიდნენ სხვა პატიმრებში.
“როგორც კი ციხეში შეწყდა ძალადობა, პატიმრებში ფსიქიატრიულ დახმარებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან პატიმრებში, რომლებსაც აწამებდნენ, განვითარდა პოსტტრავმული აშლილობა”, – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ. მისივე ცნობით, პატიმრებს ხელკეტის, სამედიცინო ხელსაწყოებისა და თუნდაც კარების დაკეტვის ხმაზე აქვთ შიშები და ხდება რეტრავმატიზაცია, შესაბამისად, ისინი საჭიროებენ ფსიქიატრის დახმარებას.
მინისტრის მოადგილე საუბრობს ციხის სამედიცინო პერსონალის მხრიდან პატიმართა უფლებების დარღვევაზე, კერძოდ, ხდებოდა პატიმართა გამოკვლევა ერთმანეთის თანდასწრებით, ხშირად დიაგნოზს არ აცნობდნენ პაციენტს, რაც დაუშვებელია, გარდა ამისა, თითქმის არ ხდებოდა სამედიცინო დოკუმენტაციის შევსება.
არჩილ თალაკვაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2010 წელს პატიმართა ჯანდაცვისთვის გამოყოფილი იყო 5 მილიონ 540 ათას 400 ლარი, 2012–ში – 7 მილიონ 187 ათასი, 2013 წელს კი დაფინანსება გაიზრდება 12 მილიონ 65 ათას ლარამდე.
მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იზრუნებს, რომ ცალკე დაფინანსება მოიპოვოს C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების სამკურნალოდ, გარდა ამისა, ამ თანხაში არ შედის ტუბერკულოზისა და შიდსის მკურნალობა.
სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ციხის შიგნით ისეთი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც სრულად მისცემს პატიმრებს ადეკვატური მკურნალობის საშუალებას და მათი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ მძიმე ოპერაციების გასაკეთებლად იქნება საჭირო.
მინისტრის განცხადებით, ხვალ, 20 დეკემბერს წარმოადგენს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების 18–თვიან გეგმას და მისი მთავარი მიზანი იქნება პატიმრებში სიკვდილიანობის შემცირება და მათი უფლებების ადეკვატური დაცვა.

