თბილისში ჩინეთის კულტურის დღეები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად 17- დან 24 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება.
დღესვე, 17 დეკემბერს ჩინეთის კულტურის დღეებთან დაკავშრებულ საკითხებზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან: ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯიანვეი გონგი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ჩინეთის დელეგაციის წევრები.
კულტურის დღეების ფარგლებში 17 დეკემბერს, 18:30სთ-ზე, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგება 1939 წელს დაარსებული ცნობილი ჩინური თეატრი ,,გიანსუ”.
ეროვნულ მოტივებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიოში განთქმული თეატრი წარმოადგენს მუსიკისა და ცეკვის მრავალფეროვან ინტრეპრეტაციას.
კულტურის დღეების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება ჩინეთის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა სახელწოდებით ,,მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა”. ექსპოზიცია გაიხსნება 18 დეკემბერს, 18:30 სთ-ზე ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
18 და 19 დეკემბერს, ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში, ჩინური თეატრის „გიანსუს“ წარმოდგენა ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება.
