პრემიერის თქმით, “ფარულ მოსმენებზე” კანონპროექტს პირველადი სახით მიიღებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს ისევ იმ სახით მიიღებენ, რომლითაც თავიდან შევიდა პარლამენტში.

“ძალიან ყურადღებით განვიხილეთ პრეზიდენტის შენიშნვები. ვფიქრობთ, არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ–მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომელზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში. განსაკუთრებული, თვისობრივი ცვლილება ამით ვერ მოხდებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ისევ იმ სახით გავიტანთ კანმონპროექტს, რომლითაც თავიდან მიიღო პარლამენტმა,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შასახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.