ანა დოლიძე: ფარული მოსმენების სააგენტო არ შეიძლება იყოს სუს-ში, ან სუს-თან დაკავშირებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ფარული მოსმენების განმახორციელებული სააგენტო არ შეიძლება იყოს  სუს-ში ან  სუს-თან დაკავშირებული.

“საკონსტიტუციო სასამართლომ მიგვითითა, რომ მოსმენების განმახორციელებელ უწყებას არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ინტერესი.  ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, ეს სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული პრემიერთან. შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლებაში,” – ამბობს დოლიძე.

მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში  საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა დაკმაყოფილდება:

“მეორე პრობლემა ის არის, რომ კანონი  სერიოზულ ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით და კონსტიტუციით აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება.  ასეთ შემთხვევაშიც დაკმაყოფილდება სახელმწიფოს ინტერესი, მაგრამ წნეხი არ განხორციელდება მცირე და პატარა ბიზნესზე.”

დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შასახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.