ახალი ამბები

მელია: მიგვაჩნია, რომ მთავრობა გვისმენს

12 დეკემბერი, 2012 • • 937
მელია: მიგვაჩნია, რომ მთავრობა გვისმენს

“მოგეხსენებათ, სენატორი შაჰინი იმყოფებოდა საქართველოში არჩევნების პერიოდში და იგი კონგრესის სხვა წამყვან წევრებთან ერთად აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და როგორც სხვებმა, ჩვენც მოვუწოდეთ ახალ მთავრობას, მკაცრი კონტროლით აწარმოონ ის სამართლებრივი პროცესები, რომლებიც ეხება გამოძიებას თუ ბრალის წარდგენას წინა მთავრობის წევრების მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობა გვისმენს და გაზრდილი ყურადღებით ეკიდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, ჩვენ შევხვდით იუსტიციის მინისტრს და გენერალურ პროკურორს, რომლებთანაც ამ თემებზე ვისაუბრეთ. მათი მხრიდან იყო დადასტურებული მათი განწყობა, რომ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისობა იყოს უზრუნველყოფილი ამ სასამართლო თუ გამოძიებითი პროცესების წარმართვისას.  ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღების მიდევნებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თემა იყოს განხილვის საგანი, ვინაიდან ეს ეხება და უზრუნველყოფს სამართლის პროცესს. მომდევნო კვირაში, როდესაც მე აშშ–ში დავბრუნდები, სენატორ შაჰინს პირადად მივაწოდებ განახლებულ ინფორმაციას კონგრესში სტუმრობისას”.

 

თომას მელიამ ასევე უპასუხა შეკითხვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით:

 

” ჩვენ მიგვაჩნია და ეს არის ზოგდი პრინციპი, რომ არჩეული ლიდერი უნდა მსახურობდეს იმ ვადით, რა ვადითაც მოხდა მისი არჩევა. გვესმის ამბები, რომლებიც უკავშირდება ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლის განხორციელებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს ამ პროცესს და იუსტიციის სამინისტრო სწავლობს, ამდენად ეს გახლავთ ზოგადი წუხილის საგანი და ჩვენ ველით, რომ პროგრესი იქნება ამ თემებზე”.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია დღეს ეწვია საქართველოს. მან დღეს შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ვიზიტის ფარგლებში თომას მელია პრეზიდენტს, პრემიერს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი