ომბუდსმენის ოფისი: მე–7 საპყრობილეში გაუსაძლისი პირობებია

მონიტორინგის დეტალური აღწერის შესახებ ომბუდსმენის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომლსაც უცვლელად

მე–7 საპყრობილე
მე–7 საპყრობილე

გთავაზობთ:

 

“მონიტორინგის დროს მოხდა გასაუბრება დაწესებულებაში განთავსებულ ყველა პატიმართან, დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ამასთანავე, დათვალიერდა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეფასდა საცხოვრებელი პირობები.

 

#7 დაწესებულებაში ძირითადად განთავსებულები არიან ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური ავოტორიტეტები. აღნიშნული საბაბით დაწესებულებაში წლების მანძილზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი და მრავალრიცხოვანი, ხშირად გაუმართლებელი აკრძალვები და შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით არ ხდება აქ განთავსებული მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა დაწესებულებაში და ისინი წლების მანძილზე დახურულ სისტემაში იხდიან სასჯელს.

 

მონიტორინგის დროისთვის დაწესებულებაში განთავსებული იყო 35 მსჯავრდებული, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ცხრამეტ საკანში.

 

დაწესებულების ხელმძღვანელობამ გასაუბრებისას განმარტა, რომ მონიტორინგის დროისთვის და უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პატიმართა მხრიდან რაიმე სერიოზული ხასიათის უკმაყოფილებას ადგილი არ ჰქონია,  არის მშვიდი ვითარება და დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში”.

 

#7 დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ წარსულ პერიოდთან და წინა წლებთან შედარებით მათ მიმართ მოპყრობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან არის საგრძნობლად გაუმჯობესებული და პატიმართა მიმართ გამომწვევა და უხეშ დამოკიდებულება აღარ არის. მათივე თქმით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობა  შესაძლებლობების და კანონის ფარგლებში ითვალისწინებს და ცდილობს მათი პრობლემების მოგვარებას.

 

ამასთანავე, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ გარემოების გამო, რომ ისინი წლების განმავლობაში #7 დაწესებულებაში არიან განთავსებულნი. მეტიც, მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათ მთავარ პრობლემას, ვინაიდან დაწესებულების პირობები არ არის ადაპტირებული გრძელვადიანი განთავსებისთვის – საკნები არის პატარა ზომის, არ აქვს ნორმალური ზომის ფანჯარა, რაც ვერ უზრუნველყოფს საკნის ბუნებრივ განათებას და ნორმალურ ვენტილაციას. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მსჯავრდებულები გამოთქვამენ სურვილს, გადაყვანილი იქნენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც იქნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი იქნება შემცირებული.

 

ამავდროულად, დღემდე მოუგვარებელია რიგი საკითხებისა, რაც პრობლემური იყო წლების განმავლობაში, კერძოდ, მსჯავრდებულებს კვლავ არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორებით (საკნებში არსებული ტელევიზორები შეერთებულია DVD-ზე და მათ შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მხოლოდ ოჯახის მიერ მოტანილ შემეცნებით და გასართობ გადაცემებს. ამასთანავე, ყველა საკანი უყურებს ერთსა და იმავე ჩანაწერს), მხოლოდ ფოსტის საშუალებით შეუძლიათ, მიიღონ ჟურნალ-გაზეთები, ხოლო უკანასკნელ ხანებში საერთოდ აიკრძალა სპორტული პრესის მიწოდება. ამავდროულად, მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ ფოსტის საშუალებით პრესის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ რუსთავის და თბილისის ერთი საფოსტო განყოფილებიდან (რაიონულ საფოსტო ცენტრებში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ მათ აღნიშნულის შესახებ ბრძანება არ მისვლიათ), რაც დამატებით პრობლემას უქმნის პატიმართა ოჯახის წევრებს.

 

დღემდე მოუგვარებელი რჩება ამანათით ან თუნდაც ფოსტით თბილი ქურთუკების ან ჟილეტების მიწოდების საკითხი. მსჯავრდებულების თქმით, მათთვის გაურკვეველია აღნიშნული აკრძალვა და კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია აკრძალული ნივთის შეტანის მოსალოდნელი საფრთხის გამო, რადგან მსგავსი ფაქტი #7 დაწესებულებაში წლების მანძილზე არ მომხდარა.

 

მსჯავრდებულებისთვის კვლავ კანონით არის აკრძალული გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა და მეტიც, მოკლევადიანი პაემნებიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს შუშიანი ტიხრის და ტელეფონის მეშვეობით, თვეში ერთხელ, თითო საათით.

 

მსჯავრდებულების განმარტებით, სასულიერო პირთან შეხვედრა შეუძლიათ თვეში ერთხელ მხოლოდ 10 წუთით.

 

მსჯავრდებულები გასეირნების უფლებით სარგებლობენ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. მათივე განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა გასეირნების დრო, თუმცა სასეირნო ეზოები არის ძალიან მცირე ზომის (დაწესებულებაში არის ოთხი სასეირნო ეზო, რომლების ფართობია: I – 12.40 კვმ; II – 12.8 კვმ;  III- 12.50 კვმ და IV – 12.7კვმ) და მათი მდებარეობა და დამცავი აღჭურვილობა დამატებითი შემზღუდველი ხდება გასეირნების უფლების სრულყოფილად სარგებლობისთვის.

 

კვლავ პრობლემურია ტელეფონით სარგებლობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ტელეფონით კანონით დადგენილი წესით თვეში ორჯერ 15 წუთით, მათ მხოლოდ ორ ნომერზე შეუძლიათ ზარის განხორციელება. პატიმრებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ სატელეფონო ზარები საზღვარგარეთ.   

 

მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი აბანოთი სარგებლობენ კვირაში ერთხელ. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ წვერის გაპარსვის საშუალება აქვთ მხოლოდ აბანოს დღეს, რადგან ეკრძალებათ, საკანში იქონიონ წვერის საპარსი მოწყობილობა. მათი განმარტებით, დაწესებულებაში არის ერთი თმის საჭრელი აპარატი, რომლითაც სარგებლობს ყველა პატიმარი, რის გამოც არსებობს ინფექციური დაავადებების გადადების მომეტებული რისკი.  

 

მსჯავრდებულებს დაწესებულების მაღაზიით სარგებლობა შეუძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. აღნიშნულ მაღაზიაშივე შეუძლიათ შეიძინონ რადიომიმღები, რომლით სარგებლობაზე რაიმე შეზღუდვა არ აქვთ დაწესებული.

 

მონიტორინგის დროს, დაწესებულების რამდენიმე საკანში, სადაც განთავსებული არიან პატიმრები, არ იდგა მაგიდა და სკამები.

 

სპეციალური პრევენციული ჯგუფი დადებითად აფასებს #7 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას. აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ #7 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის ნორმალურ და დამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებს. ასევე აუცილებელია, უახლოეს მომავალში იქნეს უზრუნველყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #97 ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნივთების ნუსხას, შესაბამისი ცვლილებების და დამატებების შეტანა, რათა მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ამანათით მიიღონ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები.

 

სპეციალური პრევენციული ჯგუფი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ #7 დაწესებულების მრავალრიცხოვანი შეზღუდვები, ასევე, ის გარემოება, რომ აქ განთავსებული პირებისთვის წლების მანძილზე მიუწვდომელია ნახევრად ღია რეჟიმი, განსაკუთრებით გაუსაძლისს ხდის მსჯავრდებულთა ყოფას. მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად”.