სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, 2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ითვისებდა ამ თანხებს.

მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის “ბ” პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.