დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს გაგრძელდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, ორშაბათს, 13 მარტს, 10 საათიდან გაგრძელდება. როგორც დაკავებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, ბრალდებულის უფლებადამცველებს მთავარი პროკურატურისგან ამის შესახებ უკვე ეცნობათ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, პროკურატურამ 28 თებერვალს დაკითხა. დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვდა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაცვა დაენიშნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პროკურატურას ჩვენებას აღარ მისცემდა.

ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გაასაჯაროვა. დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.