მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართვა რუსთავი 2 – ის საქმეზე

მედიასაშუალებები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს  ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2 -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე”- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ეკა ლემონჯავა – ჟურნალ სარკის ჟურნალისტი;
  • ლალი ხუბულავა – ტელეკომპანია “ლტვ”, დირექტორი;
  • თიკო ცომაია – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA;
  • ბადრი ნანეტაშვილი – ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთის” დამფუძნებელი;
  • მამუკა ყუფარძე – სტუდია რეს ხელმძღვანელი;
  • ნინო გელაშვილი – სტუდია რე;
  • თამარ კაპანაძე – გაზეთ “სპექტრის“ ჟურნალისტი;
  • მარინა პეტრიაშვილი – გაზეთ “სპექტრის ჟურნალისტი;
  • მაია ყალაბეგაშვილი – გაზეთ “სპექტრის” დამფუძნებელი და დირექტორი;
  • ნატალია ბარბაქაძე – გაზეთ “სპექტრის” რედაქტორი;
  • მაია ფურცელაძე – გაზეთ “ვერსიის” გამომცემელი;
  • შავლეგ გეგეჭკორი – საზოგადოებრივი რადიოს წამყვანი;
  • ვანო პავლიაშვილი – გაზეთ ქართული სიტყვის რედაქტორის მოადგილე;
  • ლაშა ბერულავა – რადიო “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვებპორტალ allmedia.ge-ს რედაქტორი
  • რუსუდან ნიკურაძე – ჟურნალისტი;
  • თაკო ჩარკვიანი – პუბლიცისტი;
  • მარი შენგელია – მედიასააგენტო tvm.ge გენ. დირექტორი;
  • მიხეილ ჭითაშვილი – საინფორმაციო სააგენტო ინფო 7-ის დირექტორი;