2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავობა უახლოეს პერიოდში დაფარავდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა, წალკის საკრებულოს თავმჯდომარის ინოფრმაციით, წალკაში 2400- მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება.
მაღალმთიანი აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ზურაბ კახაძე ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, ვინც უსახლკაროდ დარჩა. ბერძენმა მეპატრონემ მას პოლიციასთან ერთად მიაკითხა და სახლის დაცლა მოსთხოვა. იგივე მოთხოვნა აქვს მეპატრონეს მათი მეზობლის, შაინიძეების ოჯახთანაც. სოფელ ავრანლოში საცხოვრებლის დატოვება კიდევ 52 ოჯახს მოუწია. 50-მდე ოჯახმა კი მეპატრონისგან იმავე შინაარსის მოთხოვნა ამ დღეებში მიიღო.
კახაძეების ოჯახმა მაღალმთიანი აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად გადასვლა 2004 წელს, ხულოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისა და მისგან შეთავაზების მიღების შემდეგ გადაწყვიტა: „იმ ოჯახებს, რომლებიც მეწყრის გამო ღია ცის ქვეშ დავრჩით, პრეზიდენტმა თავად გვითხრა, რომ ჩვენთვის შეძენილი იყო სახლები და თუ საცხოვრებლად წალკაში გადავიდოდით, ტრანსპორტირების ხარჯებსაც სახელმწიფო დაფარავდა. თუმცა შეპირებული ფული არ მოგვცეს. ჩვენი ხარჯებით ჩავედით წალკაში, გგონიათ, იქ წასვლა გვინდოდა? – იძულებულები ვიყავით“.
ორი ძმა ცოლ-შვილით, მოხუცი მშობლები და ბებია – ზურაბ კახაძის 11-წევრიანი ოჯახი იმ იმედით, რომ მათ იქ პრეზიდენტის მიერ შეპირებული სახლი და სამეურნეო ნაკვეთები დახვდებოდათ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში 2004 წელს ჩავიდა: „დავიწყეთ ცხოვრება იმ იმედით, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა მეპატრონეებს ამ სახლების საფასურს დაუფარავდა. წლები გადიოდა, პრობლემის მოგვარება კი არავის უფიქრია. რამდენჯერმე მივმართეთ სოფლის რწმუნებულს, მაგრამ ადგილზე ჩაწერასაც კი ვერ ვახერხებდით“.
როგორც ზურაბ კახაძე „ბათუმელებს“ უამბობს, სამომავლოდ პრობლემები რომ აეცილებინათ, კახაძეებმა წალკაში ცხოვრების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ სახლის ყიდვა გადაწყვიტეს და ისეთი სახლი შეარჩიეს, რომლის საფასურის დაფარვასაც შეძლებდნენ. მათ მესაკუთრეს, ვინმე პოპოვს, სოფლის რწმუნებულისა და მეზობლების თანდასწრებით 700 ამერიკული დოლარი გადაუხადეს და საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდნენ (ზურაბ კახაძე ამბობს, რომ იმ დროს წალკაში ყველაზე კარგი სახლი 1500 დოლარად იყიდებოდა).
ცოტა ხნის წინ კი, ყოფილი მეპატრონის მიერ გაცემული მინდობილობით ხელში, წალკაში პოპოვის შვილი დაბრუნდა, რომელმაც სახლი საკუთარ სახელზე გადაიფორმა, რის შემდეგაც კახაძეების ოჯახს მიაკითხა და სახლის დასატოვებლად ერთი დღე მისცა. „ძალიან რთულია ერთ დღეში სახლის დაცლა, საქონლის სხვაგან გადაყვანა… წინააღმდეგობა არ გამიწევია, მოხუცი მშობლების და მცირეწლოვანი შვილების გაწვალებას მოვერიდე და მეზობლების დახმარებით სახლი ერთ დღეში დავცალე. მათ დახმარებისთვის დაძახებაც კი არ დასჭირდათ, რადგან იქ ყველა ასეთ დღეშია, მხოლოდ ერთმანეთის იმედად ვართ“.
გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე კახაძეებმა მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე ადგილობრივ მთავრობასა და მუნიციპალიტეტის დეპუტატსაც კი შეატყობინეს. არაფერი შეცვლილა. როგორც სოფელ ავრალნოში ჩასახლებულები ყვებიან, იდენტური პრობლემების გამო სახლები კიდევ 52-მა ოჯახმა დატოვა. მათ თავი ვერსად შეაფარეს და უკან დაბრუნდნენ. ამ დროისათვის 27 ოჯახი მეზობლებთანაა შეხიზნული.
„იყო შემთხვევები, როცა აქ ჩამოსულმა ეკომიგრანტებმა სახლები თავად შეისყიდეს, საკრებულომ კი, როგორც მოწმემ, ნასყიდობის დოკუმენტს ბეჭედი დაუსვა და არც სახლის მეპატრონე უარობდა, რომ მას თანხა გადაუხადეს. ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც ეკომიგრანტები გაამტყუნა და სახლები დაატოვებინა. იყო შემთხვევა, როცა წალკის საჯარო რეესტრის რეგისტრაციის უფროსმა, ოთარ ხუციშვილმა, სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლიდან ეკომიგრანტების ოჯახი გამოასახლა და სახლი ბერძენ მეპატრონეს დაუბრუნა“, -ამბობს ავრალნოში მცხოვრები თემურ მგელაძე. მისივე თქმით, ახლა ავრალნოში ყველა ჩასახლებული ოჯახი გამოსახლების შიშით ათენებს და აღამებს, მთავრობის მხრიდან კი რეაგირება იგვიანებს.
ავრალნოს სკოლა
საცხოვრებლებთან დაკავშირებულმა დავებმა სოფელ ავრალნოში პრობლემები სკოლასაც შეუქმნა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოჯახმა სახლი დაცალა და სოფლიდან წავიდა, სკოლაში, სადაც ძირითად კონტიგენტს ეკომიგრანტი ბავშვები შეადგენენ, მოწავლეების რაოდენობა 182-დან 131-მდე შემცირდა. სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სკოლის დახურვას ვარაუდობს. ამ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ პედაგოგებიც, მათი უმეტესობა ეკომიგრანტია და მათი 90 პროცენტი უსახლოდ დარჩა.
სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრია, მისი თქმით, სხდომა არ გავა, რომ მან ეკომიგრანტების პრობლემებზე არ ისაუბროს, მაგრამ საკრებულოს ამ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.
მილიონერი ნიკოლაი აზნაუროვი წალკაში
პირად საუბარში ეკომიგრანტები ბერძნებისგან ზეწოლის გააქტიურებას ვინმე ნიკოლაი აზნაუროვს უკავშირებენ. „რუსეთიდან წალკაში საცხოვრებლად დაბრუნდა მილონერ ნიკოლაი აზნაუროვი, რომელმაც წალკის საავადმყოფო და ბავშვთა ბაღი შეიძინა, გამოცხადებული აქვს, რომ სოფელში თუ რამე გაიყიდება, ყველაფერს თვითონ შეიძენს“, – ამბობენ ეკომიგრანტები.
აზნაუროვის გამოჩენის შემდეგ გარკვეული პრობლემების შესახებ `ბათუმელებს“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმაც დაუდასტურა, ინკოგნოტოდ დატოვების პირობით.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლის დასაწყისიდან ნიკოლაი აზნაუროვის სახელზე სოფელ ავრანლოში რამდენიმე ათასი კვ/მეტრი ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები მართლაც არის რეგისტრირებული. აზნაუროვთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო.
ეკომიგრანტები და მთავრობა
ქვემო ქართლისა და კახეთის რეგონში ბერძნების მიერ მიტოვებული სახლების ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა შეესყიდა. „იყო შეთანხმება, რომ ეს სახლები გადავიდოდა სამინისტროს ბალანსზე, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ეკომიგრანტების საკუთრებაში დარეგისტრირდებოდა“, – აზუსტებს „ბათუმელებთან“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი კობალაძე. მისივე თქმით, დეპარტამენტს წალკაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს და ამის შესახებ მათ საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
ბადრი კობალაძე: „ჩვენ შესყიდვებთან არანაირი შეხება არ გვქონია, სამინისტრო გვაძლევდა კონკრეტული სახლების სიას, კონკრეტულ მისამართებს და შემდეგ ერთობლივად ვუწევდით ორგანიზებას ეკომიგრანტების გადაყვანას. სახლების შესყიდვის შესახებ დოკუმენტაცია სამინისტროში უნდა ინახებოდეს“.
„ბათუმელები„ წალკაში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა.
„სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო საცხოვრებლად გადასცემს იმ სახლებს, რომლებიც შეძენილია სამინისტროს მიერ და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, არც ერთი ოჯახი სამინისტროს არ ჩაუსახლებია ისეთ სახლებში, რომლებიც არ არის სამინისტროს ბალანსზე. სამინისტროს მიერ შესყიდულ ყველა სახლზე არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია (ნასყიდობის ხელშეკრულება) და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც სახელმწიფო საკუთრება. ამ კატეგორიის ოჯახებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაწყებულია და ამ საკითხზე დევნილთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროსთან, როგორც სახელმწიფო ქონების განმკარგავ უწყებასთან“, – ეს არის სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ოფიციალური პასუხი, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურისგან წერილობით მივიღეთ.
საკითხთან დაკავშირებით კომეტარის გასაკეთებლად ვერც ერთმა კომპეტენტურმა პირმა ვერ მოიცალა.
წალკის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაჩიტაძის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში 2500-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე კი 571 სახლი ირიცხება. მისივე მტკიცებით, პრობლემები იმ ოჯახებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რომლებიც მთავრობის მიერ შესყიდულ სახლებში ცხოვრობენ.
არაერთი მცდელობის მიუხედავად სახლების ნასყიდობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალმა“ შეძლო. ეს ორგანიზაცია უკვე წლებია ეკომიგრანტების პრობლემებზე მუშაობს. „ბორჯღალის“ იურისტი აბელ სალაძე, რომელიც გასული თვის შუა რიცხვებში ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად წალკაში სიტუაციას ადგილზე გაეცნო, „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იდენტური პრობლები ჩასახლებულ ეკომიგრანტებს წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც აქვთ: „ერთობლივად მოვამზადეთ წერილი, რომელსაც რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებმა მოაწერეს ხელი. ეს წერილი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს გადავუგზავნეთ. გამოხმაურება ჯერ არც ერთი ოფიციალური უწყებისგან არ ყოფილა“.
სამართლებრივი ვაკუუმი
„სამართლებრივი ვაკუუმი“ – ასე აფასებს იურისტი აბელ სალაძე ამ ამბის სამართლებრივ მხარეს. საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არც ერთი სახის დოკუმენტი, რომელიც სატიქიური უბედურების შედეგად გადაადგილებულ პირთა საკითხებს დაარეგულირებდა. საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ დევნილად მოიაზრებს მხოლოდ კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობას, ბუნებრივი კატასტროფების გამო ადგილნაცვალ პირებს კი კანონი მოქმედების გარეთ ტოვებს.
„ევროპულ ქვეყნებში კონფლიქტური რეგიონებიდან გადაადგილებული პირი და სტიქიური უბედურების შედეგად ადგილნაცვალი, აბსოლუტურად გაიგივებულია ერთმანეთთან“, -განმარტავს იურისტი.
„ბორჯღალის“ იურისტები მუშაობას ასრულებენ კანონპროექტზე, რომელიც ეკომიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების რეგულაციას უზრუნველყოფს. ორგანიზაციის სახელით პროექტს პარლამენტს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე წარუდგენს, ამის თაობაზე ორგანიზაცია მას უკვე შეუთანხმდა. მანამდე კი ეკომიგრანტები „მოხედვას მთავრობისგან“ ელიან.
ამბის მეორე მხარე
ეკომიგრანტების პრობლემებთან ერთად დღის წესრიგში დგება საქართველოს იმ ბერძენი მოქალაქეების საკუთრების ხელყოფის საკითხიც, რომლებსაც სახელმწიფო სახლების შესყიდვაზე მოელაპარაკა და თანხა არ გადაუხადა. „საიას“ აჭარის ორგანიზაციის იურისტის გია ქარცივაძის განმარტებით, „ბერძენ მესაკუთრეს, რომელსაც სახლის საფასური არ მიუღია, შეუძლია პოლიციის ჩარევითაც კი დაატოვებინოს სახლი შესახლებულ ოჯახს. ეკომიგრანტებს კი შეუძლიათ უჩივლონ სახელმწიფოს ჯერ ერთი იმისთვის, რომ ისინი სახელმწიფომ მოატყუა და მეორეც, შეიძლება მათ მოითხოვონ ასევე იმ დანახარჯის ანაზღაურება, რაც ამ პერიოდში, ვთქვათ, სახლების გასარემონტებლად დახარჯეს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც მოქალაქეები ჩაიყვანა წალკაში და შემდეგ ვერ უზრუნველყო პრობლემის მოგვარება“.
ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვა სახის სახის გაუთველისწინებელი სახლმწიფო ვალდებულებების დაფინანსებას ბიუჯეტში საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ითვალისწინებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მონიტორინგის მიხედვით 2007 წელს სტიქიური უბედურებების გამო გამოწვეული პრობლემების მოგვარების მიზნით პრეზიდენტის ფონდის ერთი პროცენტი დაიხარჯა, სამაგიეროდ 31 პროცენტი მოხმარდა გასართობი ღონისძიებების დაფინანსებას. ამ ფონდებიდან უცხოეთიდან ჩამოყვანილი მომღერლების სასტუმროსა და ვახშმის ხარჯებიც კი ფინანსდებოდა და ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც გაგრძელდა.
