ივანიშვილი: გაზაფხულზე უპრეცედენტო ხვნა-თესვის პროგრამა განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდიდან უკვე განხორციელდება სპეციალური ტექნიკის შეძენა და სარწყავი არხების აღდგენა იმისათვის, რომ 2013 წლის გაზაფხულზე უპრეცედენტო ხვნა-თესვის პროგრამა განხორციელდეს.

პირველ ეტაპზე თანხა დაიხარჯება ახალი ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოსატანად, ასევე, სამელიორაციო და სარწყავი სისტემების მოწესრიგებას.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოიყოფა თანხა მცირე და საშუალო გადამამუშავებელი საწარმოების ასამუშავებლად საქართველოს რეგიონებში, რათა პირველ ეტაპზე, გაზაფხულამდე 60 ასეთი საწარმო ამოქმედდეს.

 

“ვაყალიბებთ სისტემას, როგორ გავცეთ შეღავათიანი კრედიტები ფერმერებზე, რომ შევქმნათ სპეციალური ორგანო, რომელიც ამას მოიყვანს შესატყვისობაში”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის დაზღვევის საკითხებზეც.

 

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, “ძალიან საინტერესო მინისტრი ჰყავს სოფლის მეურნეობას” და მან დამატებითი თანხების მოზიდვა მოახერხა სოფლის მეურნეობისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მისივე თქმით, დავით კირვალიძე და სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ერთობლივად მუშაობენ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების კუთხით და ეს პროცესი, ივანიშვილის განცხადებით, უკვე დაიძრა.

 

პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში იმ პორბლემურ საკითხზეც ისაუბრა, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციას:

 

“მოსახლეობის 80%-ს არ აქვს დარეგისტრირებული მიწები და ამ პროცესს ხელოვნურად აფერხებდა წინა ხელისუფლება. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე და მალე მივიყვანთ ამას ბოლომდე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს, რომელზეც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge