რუსთავი 2: ჩვენი დუმილით ვეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ

“ჩვენი დუმილით ვეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. ამ წუთიდან “რუსთავი 2″  საპროტესტო მაუწყებლობას იწყებს”, – განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა.

ეს განცხადება მან 17 თებერვალს, გვიან ღამით  საგანგებო საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა. მან მაყურებელს კვირას დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იმართება.

უდუმაშვილმა განაცხადა, რომ იძულებული გახდნენ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.

რუსთავი 2-ს ცხადად არ უთქვამს, რომ გადაცემების ეთერში გაშვებას წყვეტს, თუმცა საგანგებო საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ეკრანზე შავი ფონი და წარწერა გადის: “ვაპროტესტებთ უსამართლობას”,  ასევე მოწოდება აქციაში მონაწილეობისაკენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასეთივე გამოსახულებაა ტელეკომპანიების “მარაოს” და “კომედის” არხებზე.

სამივე არხზე ეს გამოსახულება იქნება ეთერში კვირას, საპროტესტო აქციამდე. “ნეტგაზეთის” კითხვაზე გავა თუ არა  გადაცემები კვირას დაგეგმილი საპროტესტო აქციის შემდეგ, “რუსთავი 2” -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა მხოლოდ ეს გვიპასუხა: “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”.


 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დღეს თბილისის ქუჩებში ავრცელებდნენ ფლაერებს და მოქალაქეებს კვირას დაგეგმილ აქციაზე  მისვლისკენ მოუწოდებდნენ.