დღეს, 15 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თუ სამეურვეო საბჭო გაიზიარებს მენეჯმენტის ხედვას, მაუწყებლის შეფასების უმთავრესი ინდიკატორი იქნება მაყურებლის არჩევანი.
აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმის მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესისთვის და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში, ვინაიდან უახლოეს ხანებში მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადებრივი მაუწყებლის განვითარების მიმართულებას.
“2005 წლიდან, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, მკაფიოდ არასოდეს ჩამოყალიბებულა ის კრიტერიუმები და თვლადი ინდიკატორები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება. არსებობს მოსაზრებები, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ხედვა, როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი სურს საზოგადოებას და რას ნიშნავს კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, არც ის კრიტერიუმები არსებობს, რითიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მუშაობა შეფასდებოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არსებული პრობლემები დიდწილად ამითიც არის განპირობებული,” – ნათქვამია აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.
არხის მენეჯმენტის განცხადებით, მოქალაქეებიც და მედიაექსპერტებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ძირითადად, სუბიექტური ფაქტორებით აფასებენ, ანუ იმის მიხედვით, თავად როგორი შეხედულებაც აქვთ ამ ინსტიტუტის დანიშნულებისა და როლის შესახებ:
“9 თებერვალს, აღმასრულებელი საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე, სამეურვეო საბჭომ იკისრა მნიშვნელოვანი და დროული ვალდებულება, რომ 2017 წლის 16 თებერვალს წარმოადგენს და საზოგადოებას გააცნობს, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმებით და ინდიკატორებით უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა.”
ბოლო დღეების განმავლობაში, ფართო საზოგადოებრივი განხილვის პროცესში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარების ორგვარი ხედვა გამოიკვეთა:
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, ცხადია, ორივე ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა და აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მენეჯმენტის განცხადებით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი შეფასების სისტემის ჩამოყალიბება.
აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას უმთავრესად რეიტინგის ზრდასა და ხარისხის კონტროლს უკავშირებს. მენეჯმენტის განცხადებით, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარეობს სამეურვეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმა. არხის მენეჯმენტი გავრცელებულ განცხადებაში მოკლედ აღწერს მისი ხედვის ძირითადი ასპექტებს:
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის რეფორმას საფუძვლად უნდა დაედოს ეს სამი პრინციპი. ამ პრინციპებიდან გამომდინარეობს ჩვენი ხედვა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადებაშია ნათქვამი, იმის გამო, რომ აქამდე არ არსებობდა არც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისა და კონკრეტული გადაცემების შეფასების მკაფიო კრიტერიუმები, ახალმა მენეჯმენტმა თავიდანვე უარი თქვა გადაცემებთან დაკავშირებით სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყვეტილებების მიღებაზე:
“ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გამჭვირვალებას, სამართლიანობას, კონსენსუსს და თანამშრომელთა უფლებების დაცვას. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დიდ მონაპოვრად მიგვაჩნია ის უპრეცედენტოდ აქტიური დისკუსია, რაც ამჟამად მიმდინარეობს მისი განვითარების კონცეფციებთან, გზებთან და ორგანიზაციის შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.”
აღმასრულებელი საბჭო დარწმუნებულია, რომ მიმდინარე პროცესი ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაქსიმალურად მოკლე ვადაში გარდაქმნის ხალხის ინტერესებზე, მაყურებლის მოზიდვასა და ხარისხზე ორიენტირებულ მედიაოგრანიზაციად.