„ბლექ სი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩატარებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის – 6,5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. შესაბამისი წერილით სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა წერილში თანხა დაკონკრეტებული არ არის.
„ღონისძიებების ჩატარების სავარაუდო პერიოდი დაემთხვევა შავი ზღვის კურორტულ სეზონს გაზაფხულიდან ნოემბრის ბოლომდე“, – აცხადებენ „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ში. კომპანიას ასევე მითითებული აქვს, რომ ჰონორარისთვის [გადასახადების ჩათვლით] სჭირდებათ 4,5 მილიონი ლარი, ხოლო კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის – 2 მილიონი ლარი.
შეკვეთილში, „Black Sea Arena“-ს საკონცერტო დარბაზში 2017 წლის 20 მაისს დაგეგმილი ამერიკული როკ ჯგუფ „AEROSMITH“-ის კონცერტისთვის კი საქართველოს ბიუჯეტიდან ცალკე 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი ჰონორარია [გადასახადების ჩათვლით], ხოლო ნახევარი მილიონი ლარი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას მოხმარდება.
შესყიდვების სააგენტომ აღნიშნული თანხის გამარტივებული შესყიდვის წესით გამოყენებაზე კომპანიას თანხმობა მიმდინარე წლის 10 იანვარს მისცა.
