ახალი ამბები

“რუსთავის აზოტის” ქარხნის მუშების მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

10 თებერვალი, 2017 • 13875
“რუსთავის აზოტის” ქარხნის მუშების მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

სტუდენტურმა მოძრაობა “აუდიტორია 115”-მა  აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერ აქცია-მსვლელობა გამართა თბილისში 10 თებერვალს.

საპროტესტო მსვლელობას, რომელიც 19:00 საათზე  დაიწყო, შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, წიგნის მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსიდან” და მარაზიათა ქსელ “ფრესკოდან” დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი,  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აუდიტორია 115-ის მხარდამჭერი აქცია აზოტის ქარხნის მუშებისადმი საქართველოს ბანკთან

აუდიტორია 115-ის მხარდამჭერი აქცია აზოტის ქარხნის მუშებისადმი საქართველოს ბანკთან

საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ოფისიდან მთავრობის კანცელარიისმდე გაიმართა.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ “რუსთავის აზოტის” ქარხანა, საიდანაც მუშების ნაწილი 2017 წლის იანვარში სამსახურიდან დაითხოვეს, საქართველოს ბანკმა შეიძინა და სწორედ ამიტომ მართავენ ისინი აქციას საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალთან.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ადგილობრივი წარმომადგენლის გელა ბიჭიაშვილის თქმით, 2016 წლის სექტემბერში, როდესაც კომპანია გაიყიდა, აზოტის ქარხანაში იმყოფებოდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური.

ბიჭიაშვილის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც გილაური ესწრებოდა თქვეს, რომ “აზოტის ქარხანა” საქართველოს ბანკმა შეიძინა.

გაერთიანებული პროფკავშირების დირექტორის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ “აზოტის ქარხნის” დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძე მათთან საუბარში არ უარყოფს, რომ ქარხანა საქართველოს ბანკმა შეიძინა, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს საქართველოს ბანკის ვალი ჰქონდა.

საქართველოს ბანკში უარყოფენ რაიმენაირ კავშირს აზოტის ქარხანასთან და აცხადებენ, რომ პროფკავშირების გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, აზოტის ქარხანა სააქციო საზოგადოება “ეუ ინვესთენთს”-მა შეიძინა, რომლის ყველა აქციის მფლობელი ეფრემ ურუმაშვილია. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეფრემ ურუმაშვილს საქართველოს ბანკთან კავშირი არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი