“ეს შენ გეხება”: ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებზე პროექტი არაერთ რისკსა და ხარვეზს შეიცავს

“ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო  ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება და არაერთ რისკსა და ხარვეზს შეიცავს.

“ეს შენ გეხებას” გავრცელებული განცხადების თანახმად,   საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

მათივე განცხადებით, კანონპროექტზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს არაგონივრულად მოკლე ვადებში მოუწია მუშაობა, ხოლო პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გასაცნობად ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 4 საათი მიეცათ, რის შემდეგაც ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა.

“სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ იქნა გაზიარებული კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარდგენილი არც ერთი პრინციპული პოზიცია როგორც სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობაზე, ისე მის მიმართ შესაქმნელ კონტროლის მექანიზმებზე. ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად სახიფათოა მსგავსი მასშტაბისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში.”

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.