მაღლაფერიძე: მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით

“ჩვენი შეხედულება ეფუძნებოდა, პირობითად რომ ვთქვათ, უფრო “მემარცხენე” ამას [იდეოლოგიას] – ეს უნდა იყოს ძალიან ფართოდ საზოგადოებაზე მიმართული, ანუ მაინც რეიტინგით და კვლევით,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისა და სამეურვეო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე ახალი დირექტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირველ ნაწილზე იმსჯელეს, რომელიც ტელევიზიების რეიტინგებს ეხება.

“ჩვენი დოკუმენტი ეფუძნებოდა ხედვას, რომ მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით, ანუ მაყურებლების რაოდენობით. ასე უნდა იზომეოდეს ტელევიზიის მუშაობა მედიასივრცეში საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ჩვენი ხედვა ამას ეფუძნება დღესაც. გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ რეიტინგებით და უნდა ფასდებოდეს კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმებით. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია, მაგრამ აქვე ითქვა ისიც, რომ აქამდე ასეთიკრიტერიუმი არ შემუშავებულა და არ არსებობს ასეთი კრიტერიუმი, რაზეც საზოგადოება იქნება შეთანხმებული და ყველას გვეცოდინება, როგორ უნდა შეფასდეს,” – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ერთ კვირაში ის წარადგენს კიდევ რამდენიმე კრიტერიუმს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი:

“ანუ, რეიტინგი და კიდევ 2-3-4 კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები. განა, უბრალოდ, საუბარი, რომ ეს მომწონს ან არ მომწონს, არამედ იქნება გაზომვადი. ჩვენი შეხედულება ეფუძნებოდა, პირობითად რომ ვთქვათ, უფრო “მემარცხენე” ამას [იდეოლოგიას] – ეს უნდა იყოს ძალიან ფართოდ საზოგადოებაზე მიმართული, ანუ მაინც რეიტინგით და კვლევით. ჩვენ ძალიან ინტერესით დაველოდებით, რა კრიტერიუმები შეიძლება იყოს სხვა წარმოდგენილი.”

ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ “ტელეიმედისა” და “რუსთავი 2”-ის გადაცემები გაცილებით რეიტინგულია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის. თუმცა ჩამოთვლილი ტელეკომპანიების ზოგიერთი მაღალრეიტინგული გადაცემა არსებითად არ შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებებს.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ფიქრობს თუ არა არხის მენეჯმენტი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე არსებული ხარისხიანი გადაცემების შეჩერების ნაცვლად მათ გაუმჯობესებაზე და ამით რეიტინგის გაზრდაზე,
მაღლაფერიძე პასუხობს:

“მარტო რეიტინგით კი არ იზომება, მე ევროპულ გამოცდილებაზე ვლაპარაკობ. რითი აღწევ რეიტინგს: აღწევ არა იმ სიყვითლით, რომელიც არ შეეფერება საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუ აქცევ მაღალი ხარისხის გადაცემად. მე ახლაც მგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის გადაცემები, რომლებიც ნორმალურ პირობებში ჩადგომის შემთხვევაში ნამდვილად იქნებიან ლიდერები დღევანდელ მედიაბაზარზე.”

მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის ხარისხიან გადაცემებს საერთო წარმოების და საეთერო ბადის გამო აქვს დაბალი რეიტინგი, რომელიც არის “მძიმე ტვირთი” მაუწყებლისთვის.

“თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, რა რაოდენობის გადაცემებს აწარმოებენ სხვა ტელევიზიები და რა რაოდენობისას საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე ვამბობ მის ოპტიმიზაციას და ზუსტად წარდგენას. არ ვეჯიბრებით სხვას, მაგრამ მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს გადაცემები, ნორმალურ პირობებში, იქნება ბევრად უფრო რეიტინგული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკლე ხანში, დაახლოებით 2 წელიწადში უნდა გახდეს ლიდერი ტელევიზია რეიტინგებითაც და კვლევებითაც. ეს არის სრულიად დაძლევადი ამოცანა.”

კითხვაზე, გადაცემების შეჩერების გარეშე, უკეთესი რეკლამირებით, შესაძლებელია თუ არა, რომ გახდეს რეიტინგული, მაღლაფერიძე ამბობს, რომ შესაძლებელია.

“შესაძლებელია. ეს არის ფინანსებზე დამოკიდებული. ჩვენ შემოვიტანეთ ვარიანტი ასეთი:  ორ ნაწილად იყოფა გადაცემები, შემეცნებითი და საინფორმაციო. ეს თუ მთლიანად შეჩერდება, იქნება 15 მილიონის ეკონომია. რასაკვირველია, მოხდეს ცვლილება, ფასთან მიმართებაში. დავტოვებთ რაღაც რაოდენობის გადაცემებს, ოღონდ ამას სჭირდება კრიტერიუმები, რომელიც ასევე არ არსებობს და უნდა შემუშავდეს. ეს სამეურვეო საბჭომ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. რომელი გადაცემა რომელს ჯობია, პრესკონფერენციით ვერ გადაწყდება.”