მურუსიძის თქმით, მოსამართლეებმა ყოფილი მაღალჩინოსნების სახელით მიიღეს ზეწოლის წერილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ნინო გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ მისთვის ახლა გახდა ცნობილი, რადგან ამ საკითხზე მოსამართლეებს მურუსიძისთვის არ მიუმართავთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იმასაც ამბობს, რომ საუბარია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელით მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილსა და მობილურ შეტყობინებაზე:

“სამწუხაროა, რომ ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ჩემთვის არც მოსამართლეებს მოუმართავთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, საუბარია იმაზე, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელით მოუვიდათ აღნიშნულ მოსამართლეებს წერილი. ასევე იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეების მიერ მიტანილ იქნა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,” – ამბობს მურუსიძე ჟურნალსიტებთან საუბრისას.

კონკრეტულად ვის გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ყოფილი ხელისუფლების დროინდელ მაღალჩინოსნებში, მურუსიძე ამის შესახებ საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმის გარემოებები პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.

პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები არიან. უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე სწორედ დიდ პალატას აქვს გადაცემული.