2 თებერვლიდან სადგურის მოედანი–აეროპორტის მიმართულებით (#37) “მანის“ მარკის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას ამის თაობაზე თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობითვე, აღდგება ღამის რეისებიც – 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში და პირველ ეტაპზე 30-წუთიანი ინტერვალით სამი ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე–ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები აეროპორტის ტერიტორიაზე შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.
თბილისის მერიის ცნობით, შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.
N51 და 61 მარშრუტებზე, ჯამში, 25 „მანის“ ავტობუსი დადის.
“ეკოლოგიურ-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.