ბესელია ე.წ კაბელების საქმის მსჯავრდებულების შეწყალებაზე: სამართლებრივ ხარვეზებს ვხედავ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის მიერ ე.წ კაბელების საქმის მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უხარია “ნებისმიერი ადამიანის ოჯახში დაბურნება”, თუმცა, ერთი მხრივ, “სამართლებრივ ხარვეზებს” ხედავს, მეორე მხრივ კი, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის წარმომადგენლის შეფასებები.

“არ შეიძლება, ნეგატიურად განწყობილი ვიყო მოვლენისადმი, როდესაც ხდება საპატიმროში მსჯავრდებული პირების გათავისუფლება და დაბრუნება. სამართლებრივად თუ შევხედავთ, გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზებს ვხედავ”, – ამბობს ბესელია.

“ერთი ის, რომ სასამართლო პროცესებში, სასამართლო ინსტანციებში არ არის დასრულებული პროცესი და ჯერ კიდევ, როგორც გავიგე, უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს მხარე ამ გადაწყვეტილებას. ვსვამ კითხვას, – რამდენად სწორია, ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა საქმეზე და ერთ-ერთი მხარე მაინც აპირებს, რომ გამოიყენოს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რამდენად სწორია ამ დროს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამოყენება. ხომ არ არის ეს გარკვეულწილად მართლმსაჯულებაში ჩარევა. იმიტომ, რომ მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ბოლომდე, ეს არის სამართლებრივი დოქტრინა. მე, როგორც იურისტს, მე აქ გარკვეული კითხვები მიჩნდებოდა ყოველთვის, როდესაც ამას აკეთებდა სხვა პრეზიდენტი, და მიჩნდება ახლაც”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას 28 იანვარს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის 27 იანვარს ე.წ კაბელების საქმეზე”მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, შეიწყალა. მათ საპატიმრო 27 იანვრის საღამოსვე დატოვეს. თუმცა, შეწყალების მიუხედავად, ადვოკატები გააგრძელებენ სასამართლო დავას. თუკი უზენაესი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში დატოვებს, ამის მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმრო დაწესებულებაში არ დაბრუნდება.

პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ 27 იანვარს, საღამოს გააკეთა.

სწორედ ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას გამოეხმაურა ეკა ბესელია და მას “აბსოლუტურად მიუღებელი” უწოდა:

“ის შეფასებები, რომელიც გააკეთა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მრჩეველმა, პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის. მგონია, რომ როდესაც ქვეყანაში თუ ინსტიტუციებზე ვლაპარაკობთ და არსებობს ინსტიტუციების პატივისცემა, რომელიც მოეთხოვება განსაკუთრებით კონსტიტუციურ ორგანოებს… როდესაც ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, ამ ფონზე საუბარი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული თუ პოლიტიკური შინაარსის საქმე, პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი შეფასებები, მგონია, რომ არ შეესაბამება არც სტანდარტს, არც ინსტიტუციების პატივისცემას და არც იმ პოზიციას და სტატუსს, რომლიდანაც გველაპარაკებოდა ეს წარმომადგენელი, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მნიშვნელოვანი დეტალები