თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საპატიმრო დატოვეს

ე. წ.  კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილა დღეს, 27 იანვარს, შეიწყალა.  

პრეზიდნეტის აზრით, პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

საპატიმრო დატოვეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა- გიზო ღლონტმა, ნუგზარ კაიშაურმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ და დავით წიფურიამ.

საპატიმროდან გამოსულმა გიზო ღლონტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და  განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. “ნაწილობრივ ეცადა გამოესწორებინა პროცესი, რომელიც ჩიხში შეიყვანა პროკურატურამ და საქალაქო სასამართლომ”, – ასე შეაფასა მან სააპელაციო სასამართლოს მიერ 26 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილება.

პატიმრობიდან გათავისუფლებულებს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან  “თავისუფალი დემოკრატებისა” და ოჯახის წევრები დახვდნენ.

მნიშვნელოვანი დეტალები

[checklist]

პოლიტიკური მხარე და შეფასებები

2014 წელს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, თავდაცვის მინისტრი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

მაღალჩინოსნების დაკავებიდან 6 დღის შემდეგ, 2014 წლის 4 ნოემბერს, მან “თავისუფალი დემოკრატების” სხვა ლიდერებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე ისაუბრა.

“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”.

იმავე დღესვე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია. მინისტრების პოსტები დატოვეს “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებმაც.

ამის შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს  კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც  2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა.

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებსაც.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ამის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. ისინი მათ პატიმრობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე ” უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი” იყო, ხოლო “დაკავებული პირები  – უდანაშაულოები”.

“სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

ე.წ კაბელების საქმეზე კრიტიკული შეფასებები გააკეთეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.