პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ 27 იანვარს, საღამოს გააკეთა:

„საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ.

სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო  გადაწყვეტილება აღნიშნული პირების შეწყალების თაობაზე”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.


მნიშვნელოვანი დეტალები

თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმეა. ნახეთ დეტალები:

[checklist]

[/checklist]

პოლიტიკური მხარე და შეფასებები

2014 წელს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, თავდაცვის მინისტრი  “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

მაღალჩინოსნების დაკავებიდან 6 დღის შემდეგ, 2014 წლის 4 ნოემბერს, მან “თავისუფალი დემოკრატების” სხვა ლიდერებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე ისაუბრა.

“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”.

იმავე დღესვე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია. მინისტრების პოსტები დატოვეს “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებმაც.

ამის შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს  კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც  2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ .

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებსაც.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ამის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. ისინი მათ პატიმრობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე ” უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი” იყო, ხოლო “დაკავებული პირები  – უდანაშაულოები”.

“სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

ე.წ კაბელების საქმეზე კრიტიკული შეფასებები გააკეთეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.