საქართველოს რესპუბლიკური პარტია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება პარტიამ დღეს, 25 იანვარს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, თვითმმართველობის რეფორმა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო მრავალი წლის განმავლობაში.
“2012-2016 წწ. მოწვევის პარლამენტში განხილვისას მეორე დონის თვითმმართველობის შემოღების შეთავაზება ქვეყნის ღალატად შეაფასეს საქმეში ჩაუხედავმა ადამიანებმა ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც.
მერების და გამგებლების 50%-იანი ბარიერით პირდაპირი არჩევის გატანა იმ მოწვევის პარლამენტში წარმატება იყო, თუმცა პირველი დონის თვითმმართველობებს მწირი უფლებამოსილებები დარჩა, ამიტომაც შეგვრჩა ხალხის მიერ არჩეული „მშიერი“ თვითმმართველი ერთეულები და თანამდებობის პირები. მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობა „რესპუბლიკელებს“ ჩაგვიგდო ფორმალურმა პარტნიორმა – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას სთავაზობს უფრო სრულყოფილი, ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას. პარტიის აზრით, სასურველია, სწორედ რეფორმირებული, ორდონიანი თვითმმართველობა აირჩეს 2017 წ. ოქტომბერში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში, საარჩევნო კოდექსში, დედაქალაქის შესახებ კანონში და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს:
რაც შეეხება არჩევის წესს, პარტიის განცხადების თანახმად, ჯობია, რომ მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობა აირჩეს მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით( რასაც რეგიონულ-პროპორციულსაც ეძახიან და პარლამენტის არჩევის წესადაა წარდგენილი პარლამენტში). რამდენიმე ათეული წევრი თითეულ სამხარეო საბჭოში – სამხარეო თვითმმართველობაში ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით.
“აჭარის უმაღლესი საბჭო 21 ადამიანის შემადგენლობით არჩეულია შერეული სისტემით. სამომავლოდ იქაც მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემა აჯობებს.
თბილისის 50-კაციანი საკრებულოც მეორე დონის თვითმმართველობაა. აჯობებს, მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით აირჩეს, მაგ. 3 – 4 მრავალმანდატიან ოლქში. თუ ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იქნება არჩევის ასეთი წესის, შესაძლებელია კომპრომისი – მოქმედი სისტემის მინიმალური მოდიფიკაცია. 25 მაჟორიტარი აირჩეს 50 %-იანი ბარიერით, როგორც ეს ხდება პარლამენტის მაჟორიტარების, მერების და გამგებლების არჩევისას. მით უმეტეს, რომ თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარი აირჩევა თითქმის იმდენივე ამომრჩევლის მიერ, რამდენითაც აირჩა 22 მაჟორიტარი თბილისიდან პარლამენტში 2016 წელს.
პირველი დონის ბევრ თვითმმართველობაში 30-ზე მეტი წევრია და ბევრი ანაზღაურებადი თანამდებობის პირია. შესაძლებელია რაოდენობის შეზღუდვა 25 წევრით, როგორც ეს დიდ თვითმმართველ ქალაქებშია(ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი), სიით არჩეული 15 წევრი და 10 მაჟორიტარი. ესეც კომპრომისია, თორემ 25-კაციანი თვითმმართველობა ჯობია, რომ მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით ირჩეოდეს. ამ გზით გამოთავისუფლებული ხარჯებიც რეფორმას მოხმარდება- უპირველეს ყოვლისა, ადგილზე გაჩნდება დამატებითი ფინანსები.
გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულების ნაცვლად, აირჩევა 10 რწმუნებული(მამასახლისი), რომელსაც 1-2 თანაშემწეც ეყოლება.
თბილისში ახალი, 25 პირველი დონის მუნიციპალიტეტში (მუხიანი, მთაწმინდა, დიდი დიღომი, ორხევი-ლილო, ჩუღურეთი, თემქა, ვარკეთილი, ვაკე, დოლიძე-ხილიანი-პეკინი და ა.შ.) აირჩევა 11-13 წევრი, სასურველია, მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით. (მაჟორიტარული არჩევნები არ ივარგებს, რადგან ძალიან პატარა გამოვა საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი, სულ ორიოდე საარჩევნო უბანი, რამდენიმე ათასი ამომრჩევლით).
თბილისის თითეული მუნიციპალური საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს გამგებელს. დედაქალაქის მერის მიერ დანიშნული 10 გამგებლის თანამდებობა გაუქმდება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ ინიციატივების ფარგლებში რესპუბლიკური პარტია ამზადებს კანონპროექტთა პაკეტს, რასაც პარლამენტს წარუდგენს.
” საკონსტიტუციო კომისია და შემდეგ პარლამენტი თუ მოხსნიან ტაბუს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ქვეყანა ამით მხოლოდ მოიგებს.”