შტეფან ფულე: სააკაშვილმა და ივანიშვილმა წინ წამოწიეს ქვეყნის ინტერესები

ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს განცხადებით, საქართველოს ლიდერებმა უზრუნველყვეს ის, რომ ძალაუფლების გადაცემა მსუბუქად წარიმართა.

 

“სააკაშვილმა და ივანიშვილმა დაივიწყეს მათ შორის არსებული განსხვავებები, რათა წინ წამოეწიათ ქვეყნის ინტერესები” – აღნიშნა შტეფან ფულემ.

 

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო “რედისონში” ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულესი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილის ჰელგა შმიდტის ერთობლივი პრესსკონფერენცია გაიმართა. 

 

მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე გააგრძელებს ერთობლივ მუშაობას კონსტრუქციული მიმართულებით:

 

“ჩვენ ყველას გვესმის, რომ ერთობლივი არსებობა ძალიან ძნელია. მე ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე მოვლენებზე, დღეს მექნება საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილთანაც. გზა, თუ როგორ მოახერხებენ ისინი ერთად მუშაობას, გამოჩნდება, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან”, – აღნიშნა სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე შტეფან ფულემ. 

 

ევროკომისარის განცხადებით, ისინი ევროკავშირის სახელით მადლობას უხდიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას იმ მიღწევებისა და რეფორმებისთვის, რაც ქვეყენაში გატარდა.

 

“მათ შეუძლიათ იამაყონ ამ რეფორმებით”,– განაცხადა შტეფან ფულემ.

 

ევროკავშიის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის ჰელგა შმიტის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლინობას.

 

კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორების მისიის ფორმატით.

 

“მე მგონი, არ იქნება გაზვიადება, თუ გეტყვით, რომ გავხდით გარანტია საქართველოს უსაფრთხოების. ევროკავშირი კვლვაც აქტიურად იქნება ჩართული კონფლიქტის მოგვარებისა და სტაბილიზაციის ძალისხმევაში”, – აღნიშნა ევროკომისარმა.