42 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებათა დაფინანსების წესის შეცვლას აპროტესტებენ.
ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდავის კომიტეტებმა საპარლამენტო კონტროლი განახორციელონ საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და უახლოეს დღეებში დანიშნონ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა. მათივე მოთხოვნის თანახმად, სხდომაზე უნდა მოიწვიონ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა:
[checklist]
[/checklist]
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკო დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა ზოგიერთი კლინიკის არაკეთილსინდისიერი ქმედებით ახსნა.
ორგანიზაციები კი განხორციელებულ ცვლილებებს “მექანიკურად მიღებულს” უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ცვლილებების შემუშავებაში ჩართული არ ყოფილან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და სერვისის მიმწოდებლები.
“დღეს პაციენტების მიღება შეწყვეტილი აქვს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს და მე-5 კლინიკურ საავადმყოფოს. ფუნქციონირებას დროებით აგრძელებს მე-5 კლინიკური საავადმყოფოს 10 -ადგილიანი ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილება, რომელიც ერთადერთია მთელ საქართველოში… ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დიდი ნაწილი მომსახურების გარეშე დარჩა, ნაწილი კი იძულებულია, მომსახურება მიიღოს დიდი ზომის ინსტიტუციებში, რაც ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს,”- აცხადებენ ორგანიზაციები.
ორგანიზაციების განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის ძირითად სისტემაში უნდა იყოს იტეგრირებული. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მცირე, მაგრამ მნიშნელოვან პროგრესად შეფასდა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა და ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნა მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2013 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება. ამ კონცეფციის თანახმად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ნაცვლად დიდი ზომის ინსტიტუციებში იზოლაციისა, მიმართული უნდა იყოს დაბალანსებული ზრუნვის სისტემის განვითარებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებაში ჩართვაზე.
“სახელმწიფოს მიერ კონცეფციითა და გეგმით გაცხადებული ხედვის დიდი ნაწილი, მათ შორის, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, დღემდე აღუსრულებელი რჩება. ასევე, ნაცვლად ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი რესურსების მობილიზებისა, მთავრობა ნაბიჯებს ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფის იზოლაციისა და სეგრეგაციისაკენ დგამს. მიგვაჩნია, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსების შემცირება და ამის შედეგად ფსიქიატრიული განყოფილებების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებების დარღვევას, საფრთხის წინაშე აყენებს აღნიშნულ სფეროში აქამდე განხორციელებულ რეფორმებს და აზიანებს დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებას. შედეგად კი, ქვეყანა დიდი ზომის ინსტიტუციების პრაქტიკის კვლავდამკვიდრების რისკის წინაშე აყენებს,”-აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები: