იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

21 იანვარს იტალიის ქალაქ ვერონასთან ახლოს  სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, ავტობუსს უნგრელი სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა – მოსწავლეები საფრანგეთიდან ბუდაპეშტში ბრუნდებოდნენ ზამთრის არდადეგების შემდეგ.

იტალიური ახალი ამბების სააგენტოს, “ანსას” ცნობით, მგზავრების უმეტესობა (მეტწილად 14-დან 18 წლამდე ბიჭები) ტრანსპორტის ანძასთან შეჯახების შედეგად ავტობუსიდან გადმოცვივდნენ. ავტობუსს შეჯახების შემდეგ ცეცხლი წაეკიდა.

საავადმყოფოში გადაიყვანეს 55 ადამიანი, მათ შორის 39 დაშავებულია. დაშავებულებს შორის არის 10 მოსწავლე, ვინც ცეცხლის გაჩენისას ავტობუსში იმყოფებოდა, რომელთა მდგომარეობაც მძიმედაა. თუმცა, როგორც BBC წერს, მსხვერპლის რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადავიდა ავტობუსი მთავარი გზიდან.