ტრამპის განცხადების შემდეგ დოლარი გაუფასურდა – Reuters

Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ამერიკული დოლარის კურსის დღევანდელი ვარდნა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ამ უკანსკნელმა WSJ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ტრამპმა განაცხადა, რომ დოლარი ძალიან ძლიერია, რაც აშშ-ის კონკურენტუნარიანობას აზარალებს. “ამერიკულ კომპანიებს უჭირთ ჩინეთთან კონკურენცია, რადგან ვალუტა ზედმეტად ძლიერია და ჩვენ ეს გვკლავს”.

დღეს დოლარი მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კალათასთან მიმართებაში 0.8%-ით გაუფასურდა. დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გამყარდა ლარიც. ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.65 ლარი ღირს.

Reuters წერს, რომ ინვესტორები ელოდებიან სიცხადეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც პარასკევსაა დაგეგმილი.