მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვიზიტის გამო აზერბაიჯანის არასასურველ პირთა განახლებულ სიაში 180 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი, მათ შორის, ჟურნალისტი საქართველოდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, გურამ როგავა მოხვდა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს აშუქებდა.
განახლებულ ნუსხას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
აზერბაიჯანში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული ჟურნალისტების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდაა.
გამოცემა კავკაზსკი უზელის ინფორმაციით, 2016 წელს დაახლოებით ოცმა ჟურნალისტმა აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც ისინი აღნიშნული სიიდან ამოიღეს.
რამდენიმე წელია, საქართველოდან აღნიშნულ სიაში ჟურნალისტი მარგარიტა ახვლედიანი, ორგანიზაცია Go Group Media-ს დამფუძნებელი და რედაქტორიც ირიცხება.
2016 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანის აღნიშნულ სიაში 623 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიყვანეს, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, უკრაინის, ისრაელის, ბელგიის, ინდოეთის, შვეიცარიის, იტალიისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

