ახალი ამბები

“ლიბეს” კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი დაუჭირა

12 იანვარი, 2017 • 4484
“ლიბეს” კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (Libe) ხმათა უმრავლესობით  საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად. იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შემდგომ, პროცედურის თანახმად, უნდა გაიმართოს კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე. “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის კორესპონდენტის ინფომაციით, ევროპარლამენტის პლენარული სესია თებერვალში უნდა გაიმართოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი