არასამთავრობოები: გაზპრომთან ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის”, უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,  დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი სახით.

“მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის”, – წერენ ორგანიზაციები გავრცელებულ განცხადებაში.

“ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები, გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში”, – წერენ ორგანიზაციები.

“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” 2016 წლის სექტემბრიდან აერთიანებს 22 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ISFED-ს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, IDFI-ს და სხვებს.

გაზპრომი © РИА Новости, Алексей Куденко

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო “გაზპრომთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელშეკრულების მიხედვით საქართველო “გაზპრომისგან”  სომხეთში  ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. აქამდე საქართველო გატარებული გაზის 10%-ს იღებდა.

18 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან “Defend Liberty” “გაზპრომთან” განახლებული ხელშეკრულების პირობების გასაპროტესტებლად აქციას გამართავს.


წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარესთან, მანანა ქოჩლაძესთან “გაზპრომთან” ახალი შეთანხმების შესახებ:

მანანა ქოჩლაძე: ენერგეტიკის სფეროში არც ერთი კონტრაქტი არც ერთ ექსპერტს არ უნახავს