საქართველო – საგადასახადო სამოთხე “ბიტფურისთვის”

უკვე ორი წელია ბიტკოინის (ციფრული ვალუტის) ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე “ბიტფური” საქართველოში მონაცემთა ორ ცენტრს ფლობს. ვალერი ვავილოვი, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში “ყველაფერი ბევრად ადვილად გვარდება, რადგან აქ ბიზნესის კეთების მექანიზმი ძალიან ეფექტურია.” ვავილოვი ასე ფიქრობს, რადგან მის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანია “ბიტფურიმ”:

  • 2014 წელს თანაინვესტირების ფონდისგან 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა. თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და აერთიანებს ყაზახ, აზერბაიჯანელ, უკრაინელ, არაბ ინვესტორებს;
  • 2015 წლის ზაფხულში ეკონომიკის სამინისტროსგან გლდანში, მერვე საპყრობილესთან ახლოს 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  იყიდა;
  • 2015 წლის ოქტომბერში ამავე ტერიტორიას მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა და “ბიტფურიმ” იქ მეორე მონაცემთა ცენტრი განათავსა. საქართველოს კანონით “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” კომპანიები, რომლებიც ამ ზონაში საქმიანობენ, გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ).
  • “ბიტფურისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისფულებაა, რადგან ამგვარად კომპანია 18 პროცენტით ნაკლებს იხდის მოხმარებულ ელ.ენერგიაზე. ვავილოვის თქმით, მონაცემთა ცენტრების დანახარჯის 90-95 პროცენტი სწორედ ელ. ენერგიაზე მოდის, რადგან ცენტრებში განთავსებული სერვერები განუწყვეტლივ მუშაობენ, მსოფლიოში ბიტკოინით განხორციელებულ ტრანზაქციებს ამოწმებენ და სანაცვლოდ ახალ ბიტკოინებს მოიპოვებენ.

რა არის ბიტკოინი

ჩვენ ვცადეთ, “თელასისგან” მოგვეპოვებინა დაზუსტებული ინფორმაცია გლდანში მოქმედი მაინინგ ცენტრის მიერ ელ.ენერგიის მოხმარებასა და ტარიფებზე, რომელიც კომპანიას ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის აქვს დადგენილი. თუმცა “თელასის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაცია აბონენტის შესახებ საჯარო არ არის და ვერ გაგვიზიარებენ. იგივე პასუხი გასცეს საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილსაც, რომელმაც “თელასს” იმავე თხოვნით მიმართა.

როდესაც 2015 წლის დეკემბერში ცენტრი ამუშავდა, თელასის მონაცემების მიხედვით, გლდანში ელ.ენერგიის მოხმარება 7 მილიონი კვტ.სთ-ით გაიზარდა. თუ “ბიტფურის” 1 კვტ.სთ ელ. ენერგიისთვის 19.75 თეთრი უნდა გადაეხადა, როგორც რიგით კომერციულ მომხმარებელს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის გამო ის დღგ-სგან თავისუფლდება და იხდის მთელ მოხმარებულ ენერგიაზე 18 პროცენტით ნაკლებს.  თუ “ბიტფური” მოიხმარს მხოლოდ 7 მილიონ კვტ.სთ ენერგიას, სტანდარტული ტარიფით უნდა გადაიხადოს 138,250,000 ლარი. რადგან კომპანია დღგ-სგან გათავისუფლებულია, იხდის 25 მილიონი ლარით ნაკლებს, ანუ 113,365,000 ლარს.

ეფრემ ურუმაშვილის, საქართველოში “ბიტფურის” წარმომადგენლის თქმით, “საქართველოს ბიუჯეტი ამ შემთხვევაში არაფერს კარგავს, რადგან კომპანია თუ არ იქნებოდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი საწარმო, ჩვეულებრივად გადაიხდიდა დღგ-ს და დაისვამდა მას აქტივში (ანუ დაიბრუნებდა დღგ-ს უკან), ვინაიდან ეს საწარმო მომსახურების ექსპორტს ეწევა.”

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, კომპანია საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისას გათავისუფლებულია დღგ-სგან. ამავეს გვიდასტურებენ ეკონომისტი აკაკი ცომაია და კომპანია “ფინანსური ოფისის” მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე.

დღგ-ს გარდა, კომპანია “ბიტფური” გლდანში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის გამო არც ქონებისა და მოგების გადასახადს იხდის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის დასაბეგრი მოგება 15 პროცენტით იბეგრება. ეფრემ ურუმაშვილის, “ბიტფურის” წარმომადგენლის თქმით კი, არის დღეები, როცა კომპანიის მოგება 300 ათას ლარს აღწევს.  მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მოგების ნახევარი სწორედ გლდანის ცენტრზე მოდის. მისი სიმძლავრე (40 მგვტ) ორჯერ აღემატება “ბიტფურის” მფლობელობაში მყოფი გორისა და ისლანდიის ცენტრების სიმძლავრეებს (თითოეული 20-20 მგვტ).

იმ დღეს, როცა “ბიტფურის” მოგება 300 ათასი ლარია, კომპანია 22,500 ლარს დაზოგავს მოგების გადასახადის გადაუხდელობით.

"ბიტფურის" მფლობელთა სქემა

როგორც ვავილოვი, კომპანია “ბიტფურის” ხელმძღვანელი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, ბიტკოინების ბიზნესის საქართველოში წამოწყების იდეა ხინკლიდან დაიწყო, როცა ქართველ მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა.

აღმოჩნდა, რომ ვავილოვის მეგობრებს თანაინვესტირების ფონდის მესვეურების დარწმუნება შეეძლოთ. ვავილოვის ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის არის გიორგი კიკვაძე, რომელიც 2013-2016 წლებში თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, ამავდროულად კი, “ბიტფურის” აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2013 წლიდან დღემდე.

მარცხნიდან გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კიკვაძე

მარცხნიდან გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კიკვაძე

გორში ბიტკოინების მაინინგ ცენტრის გასახსნელად თანაინვესტირების ფონდმა კომპანიას 10 მილიონი აშშ დოლარი ასესხა. 2015 წლის ზაფხულში, როდესაც საუბარი დაიწყო თბილისში, გლდანში ცენტრის გახსნაზე, “ბიტფური” აცხადებდა, რომ ინვესტიციების მოზიდვის მეორე რაუნდი დაიწყეს და თანაინვესტირების ფონდი კვლავ ერთ-ერთ პარტნიორად განიხილებოდა. ამჟამად ფონდში ამბობენ, რომ გლდანში განხორციელებულ პროექტში ფინანსური მონაწილეობა არ მიუღიათ.

თანაინვესტირების ფონდის დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ “ბიტფურიმ” გორის მაინინგ ცენტრის ასაშენებლად აღებული სესხი სრულად დაფარა და ამ ეტაპზე ფონდს კომპანიასთან ფინანსური ურთიერთობა არ აქვს. თუმცა “ფონდისთვის ბიტკოინბლოკჩეინ ტექნოლოგიები რჩება მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად.”

ფონდთან ფინანსური ვალდებულებების შესრულებით “ბიტფურის”  ქართული ბიზნეს-ურთიერთობები არ სრულდება. 2017 წლის გაზაფხულიდან კომპანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. ამ პარტნიორობის შედეგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი უახლესი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც პროცესის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. როგორც “ბიტფურის” წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ბლოკჩეინი არის მონაცემების რეესტრი. როდესაც ინფორმაცია ხვდება ბლოკჩეინზე, მისი შეცვლა აღარავის შეუძლია. სპეციალური კოდით მასზე ხელი მიუწვდება მხოლოდ მის განმთავსებელს.

მთავრობის წევრები გლდანში, "ბიტფურის" ცენტრის პრეზენტაციაზე

მთავრობის წევრები გლდანში, “ბიტფურის” ცენტრის პრეზენტაციაზე

“ბიტფურიმ” საქართველოში დააფუძნა შპს “ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკი”, რომელიც თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) ადმინისტრატორია. თიზ-ი უკვე თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს და დღემდე “ბიტფურის” გარდა სხვა კომპანია იქ არ გამოჩენილა. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე საკუთარი ბიზნესის გადატანას გეგმავს ერთ-ერთი აზერბაიჯანული ფარმაცევტული კომპანია, ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ორგანიზაციებთანაც. თუმცა ჯულიეტ ქინქლაძე, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ამბობს, რომ მოლაპარაკების დასრულების ზუსტი დრო არ არის ცნობილი და ვერც იმას იტყვიან დანამდვილებით, თუ როდის ვიხილავთ ამ კომპანიებს თიზ-ის ტერიტორიაზე.

ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრო პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია, ჩვენ კითხვებით მათაც მივმართეთ. გვაინტერესებს, აკვირდებიან თუ არა თიზ-ის ფუნქციონირებას და რამდენად გაამართლა მათმა მოლოდინმა პროექტთან დაკავშირებით.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სამინისტროს იმ თანამშრომელს, რომელსაც ჩვენ კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო, ფეხი აქვს მოტეხილი და ამ მიზეზის გამო ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

ეკონომიკის სამინისტრო უკვე 10 თვეა არ გვაწვდის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც საჯაროა. “აი, ფაქტმა” ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და განხილვას ველით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი