არასამთავრობოები: წინასაარჩევნო გარემო იყო სრულიად უთანასწორო

აღნიშნულის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”,  წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი. წინასაარჩევნო მონიტორინგი მოიცავს 1 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე არსებულ პერიოდს.

საის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიამ საკმაოდ ძალადობრივ გარემოში ჩაიარა.

“გამორჩეული იყო ეს კამპანია იმით, რომ იყო რთული ვითარება, ვიდრე წინა არჩევნებზე. იყო მრავლობითი დარღვევები, იყო ძალიან ცოტა ყურადღება შინაარსზე, პროგრამებზე, თემატურ დებატებზე. ჩვენ უფრო მეტად ვხედაავდით კომპრომატებს, აგრესიას, ძალადობას და მრავლობით კანონდარღვევას. ასევე აქტიურად ხდებოდა სახელმწიფო რესურსის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

არასამთავრობოების შეფასებით, საკმაოდ აქტიურ საარჩევნო პროცესებში გამოიკვეთა ისეთი დარღვევები, რომელიც უკავსირდება სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდა მმართველი პარტია და ხდებოდა გარკვეული შეზღუდვების განხორციელება ოპოზიციური პარტიების მიმართ.

“ამ პერიოდის განმავლობაში ზღვარი არ არსებობდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. ანუ ხელისუფლება და პარტია ერთად მოქმედებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც არის პრობლემატური და ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს’, – აღნიშნა გიგაურმა.

არასამთავრობოების დასკვნაში ასევე მოხვდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარისა და ძალადობის ფაქტებიც.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება-დაპატიმრებები – პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება წლის განმავლობაში შედარებით იშვიათად ფიქსირდებოდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, დაკავებებმა იმატა, სექტემბრის ბოლოს კი ასეთი შემთხვევები უპრეცედენტოდ გაიზარდა და საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. 19 სექტემბრის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების დაახლოებით 40–ზე მეტი აქტივისტი იქნა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული, რასაც თითქმის არცერთ შეთხვევაში არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები და ყველა შემთხვევაში დარღვეულია ადამაინის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი სტანდარტები.

რაც შეეხება მედია გარემოს. არასამთავრობოები დადებით მოვლენად მიაჩნიათ ე.წ. Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების დამკვიდრება.

“დადებითი მოვლენა იყო ამ პრინციპების დამკვიდრება, რომლებიც საკაბელო კომპანიებს ავალდებულებენ, ჩართონ ყველა საერთო მაუწყებელი ქართული არხი და ასევე არ აძლევენ საშუალებას ტელეკომპანიებს, გამოითიშონ საკაბელო კომპანიების მომსახურებიდან. ასეთი რეგულაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამომრჩევლამდე დივერსიფიცირებული ინფორმაციის მიწოდების საქმეში. თუმცა, აღნიშნული პრინციპები მოქმედებას წყვეტს კენჭისყრის დღეს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად  ნეგატიური გავლენა იქონიოს არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე ამომრჩევლის ინფორმირების კუთხით”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ.

ანგარიშში ასევ ყურადღება არის გამახვილებული სატელიტური თეფშების დაყადაღებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის საკითხებზეც.

“იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანიების გარკვეული ქონება კანონთან შეუსაბამოდ იქნა დაყადაღებული. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-ისა და ტელეკომპანია „მაესტროს” კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარიმართა, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საკითხი მედია საშუალებების თავისუფალ საქმიანობას ეხება.

არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარისა და ზეწოლის ფაქტები. თითქმის არცერთ შემთხვევაზე არ წარმართულა ეფექტური გამოძიება, რომელიც კანონით გათვალისიწინებულ პასუხისმგებლობას დააკისრებდა დამრღვევთ”, – აღნიშნულია  წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ ანგარიშში.
არასამთავრობოებმა ასევე უარყოფითად შეაფასეს საარჩევნო უბნებზე აუდიო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები.

“რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო/ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელ და შაბლონულ შეზღუდვებს უწესებს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს, რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება პროცესის გამჭვირვალობაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს არსებული დარღვევების დაფიქსირების შესაძლებლობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, რაც ზოგადად არ არის მიზანშეწონილი”, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.