საყოველთაო ჯანდაცვა მხოლოდ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში შეარჩევს იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებშიც პაციენტებს მომსახურების მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 9 დეკემბერს განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

აქამდე პაციენტებს, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდნენ, მომსახურების მიღება თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლოთ.

დავით სერგეენკომ 9 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე საყოველთაო დაზღვევის “მეორე ტალღაზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ისეთ კლინიკებთან ითანამშრომლებს და გაუფორმებს ხელშეკრულებებს, რომლებიც პაციენტებს მაქსიმალურად ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას მიაწვდიან.  

“ზოგადად, ჯანდაცვა ეყრდნობა სამ მთავარ საფუძველს, ესაა ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ფასი. საყოველთაო დაზღვევის  “პირველი ტალღის” მიზანი  იყო ხელმისაწვდომობის გაზრდა. ეს წარმატებით შესრულდა.  თითქმის ნახევარზე მეტი მოსახლეობის ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვაში. მაგრამ  თუკი სისტემა არ იქნება დაფუძნებული ამ სამ საფუძველზე, მისი მდგრადობა, რა თქმა უნდა, არ იქნება სტაბილური. მეორე ტალღის ამოცანებია – პირველი ის, რომ მთავარი აქცენტირება ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა გაძლიერებული აქცენტი იქნება ხარისხზე”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით,  ხარისხის გასაკონტრლებლად რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს. ერთ-ერთად მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებების “შერჩევითი კონტრაქტირება დაასახელა”:

“თუკი აქამდე ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას , რომელიც დააკმაყოფილებდა სანებართვო პირობებს, შეეძლო მონაწილეობა მიეღო საყოველთაო ჯანდაცვაში, ბოლო გარდამავალი ორი წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აღმოცენდნენ ისეთი კლინიკები, რომლებიც წყვეტილ, ფრაგმენტირებულ სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ . მაგალითისათვის, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ პოლიკლინიკასთანაა მიბმული, ასოცირებული როგორც გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები საფრთხეს უქმნის პაციენტის სამედიცინო დახმარებას, პაციენტი ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას”.

მისი განმარტებით “სელექციური კონტრაქტირება”  მსოფლიოში მიღებულია როგორც ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი ხარისხის გასაზრდელად.

“რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მოულოდნელობა ასეთი სამედიცინო დაწესებულებების პატრონებისთვის. ჩვენ მათთან თვეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაცია. ვეცადეთ გამოგვეყენებინა ინსტრუმენტი სანებართვო პირობების სახით, თუმცა ნაწილი მათგანი დათანხმდა თანამშრომლობას, გაიაზრა, რომ ისინი არასწორი გზით მიდიოდნენ, ნაწილი მათგანი აგრძელებს ამ გზას. შესაბამისად, სელექციური კონტრაქტირების პირველი ეშელონი სამედიცინო დაწესებულებებს, და საბედნიერდ ასეთი ერთეულებია, ჩამოაშორებს საყოველთაო ჯანდაცვას”.

ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც სამინისტროს რეკომენდაციებს არ ასრულებდნენ და აღნიშნა, რომ ითანამშრომლებენ ისეთ კლინიკებთან, “რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას.”  მისი განმარტებით, “მეორე ტალღის”, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ  გადადგმული ნაბიჯი სწორედ ეს იქნება.  

მინისტრი ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ წინააღმდეგობებს ელის სამედიცინო დაწესებულებებიდან, თუმცა აცხადებს, რომ “სახელმწიფო იხდის ჯანდაცვის ბიუჯეტს მოქალაქეებისთვის და არა კლინიკების მეპატრონეების კეთილდღეობისთვის”.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა კრიტერიუმებით შეარჩევს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხელშეკრულებას გაუფორმებს და რომლებშიც პაციენტებს მომსახურების მიღება შეეძლებათ.