“ადამიანის უფლებათა ცენტრის” (HRIDC) ცნობით, პატიმრის დედა აცხადებს, რომ წუხელ რუსთავის ციხეში უმოწყალოდ სცემეს მისი შვილი, რომელიც შს მინისტრს მკვლელობაში ამხელს.
რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის – გოდერძი კიკნაძის დედამ ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ წუხელ, გვიან ღამით, მის შვილს საკანში შეუვარდნენ საპატიმროს თანამშრომლები და სასტიკად სცემეს. ამის შესახებ პატიმრის მშობელს საპატიმროდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.
გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ წაუყენეს მკვლელობის ბრალდება და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პატიმრის მკვლელობას, რაშიც ბრალი იმ დროისათვის სრულიად სხვა დანაშაილისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა:
„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია! ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ!“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას პატიმრის დედამ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს გოდერძი კიკნაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, რადგან მას საფრთხე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ბაჩო ახალაიასგან ემუქრება.